სამართალი
პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი და მოაცილოს შეიარაღებულ ძალებს არაკომპეტენტური მართვა - დავით თევზაძე
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი ფაქტი, ასევე, ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული შემთხვევები - როგორიცაა სამხედრო ავტომობილის გადატრიალება თუ მყინთავების დაკარგვის საქმე - თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამის შესახებ თევზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ წინა მინისტრის (თინა ხიდაშელი) მოღვაწეობის უარყოფით შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ, ახლა კი საჭიროა ხელისუფლებამ გაბედული ნაბიჯი გადადგას და შეცვალოს შეიარაღებული ძალების არაკომპეტენტური მართვა.
,,სიტუაცია შეიარაღებულ ძალებში უკვე გასულია ყოველგვარი ფარგლებიდან. ამიტომ, შეიარაღებულ ძალებს შეიძლება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. რეალურად, პასუხისმგებელი კონკრეტული პირები კი არ არიან, არამედ ისინი, ვინც ამას ხელმძღვანელობენ - მხედველობაში მყავს სამხედრო ხელმძღვანელობა. იმ მოღვაწეობის შედეგებს (წინა მინისტრი მყავს მხედველობაში), ჩვენ გაცილებით გვიან დავინახავთ, მაგრამ სანამ ბოლომდე დაგვინახავს ის, რაც შეიძლება მოუვიდეს არმიას, მანამდე უმჯობესია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადადგას გაბედული ნაბიჯი და მთლიანად მოაცილოს შეიარაღებულ ძალებს ის არაკომპეტენტური მართვა, რომლის ქვეშაც ის დღეს იმყოფება“, - განაცხადა დავით თევზაძემ და ,,კრწანისის“ ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადება შეაფასა, როგორც ნაჩქარევი.
,,მე მის ადგილას თავს შევიკავებდი კომენტარისაგან, რომელიც მან გააკეთა“, - აღნიშნა თევზაძემ.
მარი ნამგალაძე