საზოგადოება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნებია კუთვნილი ანაბრების დაბრუნება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურა იმ პირებისა და ჯგუფების საქმიანობით დაინტერესდეს, ვინც თანხის მითვისებაში მიიღეს მონაწილეობა.
„სხვადასხვა უწყების დანაშაული იკვეთება. ჩვენ ვითხოვთ, გამოიძიონ ამ უწყებების დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე ვითხოვთ, რომ არა მარტო მერაბ ფერაძე იყოს დაკავებული, არამედ მთელი ჯგუფი, ვინცაა ამ საქმესთან რამენაირად დაკავშირებული“, - განაცხადა ანა ძნელაძემ, ერთ-ერთმა დაზარალებულმა მეანაბრემ.
მეანაბრეების თქმით შპს საფინანსო კომპანია საქართველოს ვალი 76 მილიონ ლარს აღწევს.
კომპანიის დირექტორს, თამაზ ლობჟანიძესა და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გასულ წელს შეუფარდა. საფინანსო კომპანიას 2700-მდე მომჩივანი ჰყავს.
ანა მებურიშვილი