უახლესი ამბები
- 	30.10.2025 21:31პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
- 	30.10.2025 21:26„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
- 	30.10.2025 21:18რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური
- 	30.10.2025 18:22საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
- 	30.10.2025 17:52ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
- 	30.10.2025 16:43დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
- 	30.10.2025 16:35ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
- 	30.10.2025 16:31გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატი დაიწყო – საპრიზო ფონდია $20,000
- 	30.10.2025 14:33საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
არქივი
საზოგადოება
 
 
					
					 
											თემურ მეტრეველის ნაკვალევზე - რატომ უნდა აღინიშნებოდეს ქართული ჟურნალისტიკის დღე 16 მარტს
წიწამურთან, იქ, სადაც ზუსტად 110 წლის წინ, ერის უგვირგვინო მამა ილია ჭავჭავაძე მოკლეს, უჩვეულო ხალხმრავლობაა - ცნობილი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები, პოეტები, ლიტერატორები... ახალგაზრდებიც ბლომად არიან - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ყურს ხან უფროსებს უგდებენ, ხან ობელისკთან ფოტოსურათებს იღებენ...
- ჯობია, ძეგლთან გადავინაცვლოთ და პატარა მიტინგი იქ გავმართოთ, - ამბობს ლია მეტრეველი. ქალბატონი ლია ცნობილი ჟურნალისტის, აწ გარდაცვლილი თეიმურაზ მეტრეველის მეუღლეა, რომელსაც ის დრო კარგად ახსოვს, როცა თემურ მეტრეველი, კოლეგებსა და სტუდენტებთან ერთად, ყოველ წლის 16 მარტს წიწამურ-საგურამოს სტუმრობდა.
- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, თემურის მეგობრებისა და „ომეგა ჯგუფის“ ინიციატივით, ეს ტრადიცია აღვადგინეთ, - აღნიშნავს ქალბატონი ლია და დასძენს, რომ კარგი იქნება, თუკი თემურ მეტრეველის იდეა ხორცს მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც შეისხამს და 16 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ გამოცხადდება.
- ილია 16 მარტს არ დაბადებულა, არც ამ დღეს მოუკლავთ და 16 მარტი ჟურნალისტიკის დღედ რატომ უნდა გამოცხადდეს, თან ჟურნალისტიკის დღეს ხომ 21-ში აღვნიშნავთ? - მიამიტურად კითხულობს ერთ-ერთ სტუდენტი.
- 16 მარტს ილიას „ივერიას“ პირველი ნომერი გამოვიდა, - აკვალიანებენ სტუდენტებს უფროსები და იმასაც უხსნიან, რომ 1819 წლის 21 მარტს ის ოთხგვერდიანი ქართული გაზეთი გამოიცა, რომელიც, უბრალოდ, ქართული ასოებით იყო ნაბეჭდი, თორემ ქართულ საქმეს არ ემსახურებოდა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ქართული გაზეთი ილია ჭავჭავაძის „ივერიაა“, რომლის პირველმა ნომერმაც დღის სინათლე 1877 წლის 16 მარტს იხილა. ცხონებული თემურ მეტრეველი სწორედ ამიტომ ითხოვდა, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღედ 16 მარტი გამოცხადებულიყო. ამ იდეას იმთავითვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა 1993 წლიდან მოყოლებული, ქართული ჟურნალისტიკის დღე ოფიციალურად 21 მარტს აღინიშნება.
- თემურ მეტრეველი კარგი მოქართულე და ქართული ენის თავგამოდებული დამცველი იყო. ყველა სიტყვას უკირკიტებდა და „ქართულის საცერში“ ატარებდა, - უყვება სტუდენტებს თემურ მეტრეველის მეგობარი, ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი, - ამიტომაც იყო, რომ „დილის გაზეთში“ რამდენიმე კვალიფიციური სტილისტი გვყავდა. მაშინ მედიაში აქტიურად დაიწყეს სიტყვა „ზეწოლის“ გამოყენება. ამის გაგონება და ბატონი თემურის გაცეცხლება ერთი იყო: - თქვე დალოცვილებო, სად მოისმინეთ, სად გაიგონეთ, თქვენ „ქვეწოლაც“ გეცოდინებათ. ძალდატანება, გავლენა, იძულება არ გაგიგიათ? - იტყოდა და შესატყვისებსაც იქვე მოუძებნიდა არასასურველ სიტყვას.
საერთოდ, თემურისთვის ყველაფერი ქართული ილია ჭავჭავაძიდან იწყებოდა და მთავრდებოდა. მისთვის ილია იყო ღმერთი - მაგალითი, ლიტერატურის კანონმდებელი, მასწავლებელი. ყველაფრის პასუხს ილიასთან ეძებდა და პოულობდა კიდეც.
ყოველდღიურ გაზეთში გათენებამდე გვიწევდა მუშაობა და ყოფნა და მორიგე ჯგუფს ღამით სავახშმო ფულს რედაქციის ფონდიდან რედაქტორის მოადგილე აძლევდა. ერთ ღამესაც კომპიუტერულ ცენტრში ქალბატონი მანანა კარტოზია შემოვიდა და მორიგე რედაქტორს ოცლარიანი მიაწოდა. ეს ის დრო იყო, როცა ამ ფასად ათი კაცი ნამდვილად დაპურდებოდა. მოულოდნელად საყიდლებზე წასვლის ორი მსურველი გამოჩნდა. ოცლარიანს ჯაჯგური დაუწყეს და ხელში შემოეხათ. ორად გახეული კუპიურა, რომელზეც ილია ჭავჭავაძე იყო გამოსახული, ძირს დავარდა. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რაკი უვახშმოდ დარჩენის პერსპექტივა რეალურად გამოჩნდა. ამ დროს კარი გაიღო და ბატონი თემური შემოვიდა. დახეული კუპიურა რომ დაინახა, ძალიან გაბრაზდა: - არა გრცხვენიათ? ეს რა გიქნიათ, ილიას სურათი როგორ დახიეთ და თან აღებასაც არავინ ფიქრობთო! ძალიან გულწრფელი და მიამიტი გამომეტყველება ჰქონდა. ხარხარი ატყდა. ოთახიდან ისე აღშფოთებული გავიდა, არც გაუგია, იატაკზე კუპიურა რომ ეგდო და არა - ილიას პორტრეტი.
ამასობაში, ილიას რეაბლიტირებული ძეგლიც გამოჩნდა... ღონისძიების მონაწილენი კიბეს საუბარ-საუბრით აუყვნენ. ცხადია, ყველა ილიას „ივერიასა“ და თეიმურაზ მეტრეველის იდეაზე ლაპარაკობს. მერე, ჟურნალისტმა ვანო ჯაფარიძემ სახელდახელო მიტინგი რომ გახსნა და სიტყვა გადასცა, მწერალმა და მკვლევარმა როსტომ ჩხეიძემ ისიც თქვა, თემურ მეტრეველი ილიას სულიერი შვილი იყოო.
- თემურ მეტრეველი სულ სხვა ბუნებისა და სტილის პიროვნება გახლდათ და... სულ სხვაგვარად კი წავიდოდა ამა ქვეყნიდან.
იმ ბუნებისა და სტილის კაცი, იმ შინაგანი ძალისა და სიმტკიცისა, წუთისოფელს უნდა გასცლოდა მშვიდად, უდრტვინველად, აღზრდილებით გარშემორტყმული, სარედაქციო საქმიანობა ერთ-ერთი მათგანისათვის რომ გადაებარებინა და თავის მხრივ რჩევა-დარიგებას არ იშურებდა, პირადი გამოცდილება დიდძალ ცოდნას რომ შესძენდა საამისოდ, გამოცდილებას კი ლაღად, ხალისით, იუმორით გაუზიარებდა ახალგაზრდებს.

უნდა გენატრა ასეთი რედაქტორი!..
ასეთი აღმზრდელი უნდა გენატრა!..
გაფრთხილებოდი, ყოვეგვარი პირობა შეგექმნა სამოღვაწეოდ და... დანარჩენი უკვე თვითონ იცოდა, თუ როგორ მოერიგებინა ჰარმონიულად ტრადიციები და სიახლეები, რასაც ალღოთიც გრძნობდა და გონებისა და გულის კარიც გადაეხსნა მათ შესაწოვად.
ჰქონდა უფლება, ახალ-ახალი იდეები შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. უფლება, მოპოვებული იმით, რომ ზუსტად და შეუმცდარად გრძნობდა საზოგადოების გულისთქმას და... თავის მხრივ მხოლოდ გამოხატავდა, გარკვეულ ლიტერატურულ ფორმულებში მოაქცევდა ამ გულისთქმას.
ასე შემოგთავაზებდა 16 მარტსაც ჟურნალისტიკის დღედ - ილია ჭავჭავაძის მადლის გაცისკროვნებულს; და სრული უეჭველობითაც დაასაბუთებდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სწორედ 16 მარტი და არა 21 მარტი, იმპერიული სუნი რომ გადაჰკრავდა...
კიდეც აიყოლეიბდა არაერთ ადამიანს და წიწამურის ეს წმინდა ადგილი, მოწამეობრივი სისხლით აღბეჭდილი, დღესაც რომ თვალნათლივ იხილვება, გადაიქცეოდა ზეიმის და რიტუალის შუაგულად.
კვლავაც შუაგულდ უნდა გვეგვულვებოდეს, იმ გზას მივყვებოდეთ და დაბეჯითებით ვიცოდეთ, 16 მარტს თუ რას აღვნიშნავთ, ვისი მადლი გადმოგვფენია, თემურ მეტრეველმა რომ მხოლოდ გამოგვიცხადა ჩვენი გულნადები, - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ და 2014 წლის თებერვალიც გაიხსენა, როცა „ვარდოსანთა“ შავნიღბნოსანი სპეცრაზმელები ტელეკომპანია „იბერიასა და „ომეგა ჯგიფის“ სხვა კომპანიებში შევიდნენ. იმხანად თემურ მეტრეველი გაზეთ „ახალი ეპოქის“ რედაქტორი იყო, რომელსაც სწორედ „ომეგა ჯგუფი“ გამოსცემდა.
...მშვიდად და უდრტვინველად უნდა გასცლოდა წუთისოფელს... არადა მოუწევდა შუაგულ ბრძოლაში ჩაბმა, როდესაც რევოლუციური ნიღბით მოსული ხელისუფლება ფეხქვეშ გათელავდა კანონსა და კონსტიტუციას და რბევა-მიტაცებების სერიას „ომეგა ჯგუფის“ კერძო ბიზნესსა და საწარმოებზე სასტიკი შეტევით დაიწყებდა, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიასა“ და გაზეთზე „ახალი ეპოქა“, თემურ მეტრეველი რომ რედაქტორობდა და ერთხელ კიდევ ამტკიცებდა თავისი საქმიანობით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი გამოცემა.
მიტონგებზე მგზნებარე გამოსვლებიც მოუწევდა და ტყვიების წვიმაშიც მოყვებოდა, უპირველესად ის ფიქრი რომ გაუელვებდა, ჩემს ჟურნალისტებს არ მოხვდეთო როყიო ტყვიაო, - და მათ გადაეფარებოდა, - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
მართალია, იმ დღეს თემურ მეტრეველს ტყვია არ მოხვედრია, მაგრამ როსტომ ჩხეიძის თქმისა არ იყოს, ადამიანისთვის ბოლოს მოღების ტყვიაზე საზარელი ხერხებიც არსებობს. ჰოდა, შეიძლება ითქვას, რომ თემურ მეტრეველი „ვარდოსანთა“ ერთ-ერთი არაპირდაპირი მსხვერპლია - დიახ, ადამიანი, რომლის იდეალიც ილია ჭავჭავაძე გახლდათ, ილიას მსგავსად, ანტიხალხური ხელისუფლების მოქმედებებს შეეწირა: პირდაპირ ტყვია არ უსვრიათ, მაგრამ როგორც წიწამურში მყოფმა ჯემალ კასრაძემ, დათო ჭელიძემ, მანანა მაზიაშვილმა, როსტომ ჩხეიძემ, ანდრო ბედუკაძემ, ნანა ცინცაძემ, თამრიკო თათარაშვილმა, ვანო ჯაფარიძემ და სხვებმა აღნიშნეს, თემურ მეტრეველი სწორედ „ვარდოსანთა“ ე.წ. „რკინის პოლიტიკის“ მსხვერპლი გახდა... თემურ მეტრეველი 11 წლის წინ გარდაცავალა...
- 16 მარტი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიდა გაზეთი „ივერია“, რომელმაც ქართულ ჟურნალისტიკასა და, საერთოდ, საქართველოს ცხოვრებაში ეპოქა შექმნა. „ივერიას“ დაამარსებელმა ილია ჭავჭავაძემ კი ისეთი მაგალითი დაგვიტოვა, რომლის გარეშეც ქართველი კაცის ცხოვრება არ შეიძლება, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას ვანო ჯაფარიძემ, რომელმაც ილიას ძეგლთან სახელდახელო მიტინგის წამყვანობაც იკისრა.
იმ დღეს წიწაუმრში ციოდა - ქარი იყო, თუმცა უამინდობის მიუხედავად, ღონისძიების მონაწილეებმა პოეტ ნანა ცინცაძესაც მოუსმინეს, ჟურნალისტ თამრიკო თათრიშვილსა და მხატვარ ილო პატაშურშსაც. მერე გეზი საგურამოსკენ, ილიას სახლ-მუზეუმისკენ აიღეს. მე კი, ჩემდაუნებურად დეპუტატ ნატო ჩხეიძის მონათხრობი გამახსენდა:
- 2000 წლის შემოდგომაა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთ „ახალი ეპოქის“ მთავარი რედაქტორი თეიმურაზ მეტრეველი შემოდის ჩემს კაბინეტში, ხაზგასმულად იცავს ეტიკეტს და მეუბნება: - ქალბატონო ნატო, ხვალ ხაშურში მინდა ჩავარბინო და დედაჩემი ვნახო... - ხომ კარგად არის დედა, ბატონო თემურ, - თანაგრძნობით ვეკითხები, ის კი შემომცინებს და ამბობს: - უნდა ვკითხო, პერანგში ხომ არ დავიბადე...
თემურ მეტრეველი - უაღრესად განათლებული და დახვეწილი პიროვნება, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, წინაპრების დამფასებელი და ახალგაზრდობის გზის გამკვალავი, ტრადიციების ერთგული და ჭეშმარიტი პატრიოტი, იუმორით სავსე, მჩქე და მოუსვენარი, უამრავი საქვეყნო საქმის წამომწყები და განმახორციელებელ, უღალატო და უანგარო თემურ მეტრეველი ზის სკამზე, ხელებს შლის, სახე უღიმის და იმეორებს: უნდა წავიდეო, ხაშურში უნდა ჩავირბინოო, უნდა ვკითხოო, დედაჩემს უნდა ვკითხოო...
მანამდე თემურ მეტრეველმა დიდი გზა გამოიარა, ბევრ გაზეთს ურედაქტორა, ზოგი თვითონ დააარსა, ზოგიერთიდან თვითონ წამოვიდა და ზოგიერთიდან გამოისტუმრეს, ზოგი დაუხურეს და ზოგი სულაც გაუუქმეს, აბაა, გაზათი გააუქმეს, თავიანთი პარტიული გაზეთი... მერე იყო „ქართული კულტურა“, მერე იყო „ახალი ეპოქა“ და ისიც გაკვირვებაშერეული კმაყოფილებით კითხულობდა, ნეტაო, პერანგში ხომ არაო?..
გადის ცოტა ხანი და „ახალ ეპოქას“ ყოველკვირეული ლიტერატურული დამატება უჩნდება „ჩვენი მწერლობის“ სახით. პრეზენტაციაა. თემური და როსტომი გვერდიგვერდ დგანან და ასევე გვერდიგვერდ უნდა გააგრძელონ მოქმედება და მოღვაწეობა. საზეიმო გამოსვლები დასრულდება და როსტომი ჰუმორით ეტყვის თემურს: ეჰ, ბარე მერჩივნა შენ არ მოგკერებოდი, შენ იმისთანა ბედი გაქვს, ან გაგდებენ, ან გხურავენ და მეც შენ გზას გამაყოლებენო, ბარე მერჩივნა, შენ არ გამოგკერებოდი, ბარე მერჩივნაო... - ბედს ვაჯობე, ჩემო როსტომ, ბედს ვაჯობეო, ნატო მე არ გამაგდებს და ზაზა მე არ დამხურავს და ვინღა არის ჩემზე ხელის აღმმართველი. ბედს ვაჯობეო, - დაიდასტურებდა თემურ მეტრეველი და მას შემდეგ ხან იმას ღიღინებდა „პერანგში ხომ არაო“ და ხანაც იმას - „ბედს ვაჯობეო“.
2004 წლის 19 თებერვალს, „ახალი ეპოქისა“ და „ჩვენი მწერლობის“ მორიგი ნომერი იბეჭდებოდა სტამბაში - „ომეგა თეგი“, შსს-ს სპეცასეული დაგეშილი სვლით შეიჭრებოდა „ომეგაში“ და ჩექმადადგმულ გაზეთის ფურცლებს ფრიალ- ფრიალი გასდიოდა ჰაერში...
ნატო არ გამაგდებს და ზაზა არ დამხურავსო, უტყუარად იცოდა რედაქტორმა, მაგრამ ბედს განა, რას უზამდა, მოღვაწის დამწვარ ბედს, ან თემური და ან სხვა, და გულს ასკდებოდა და მკერდში მჯიღს იცემდა. მერე კი, ტყვიების ზუზუნის მერე სამართლიან აღშფოთებას არ დამალავდა და საქვეყნოდ შეაჩვენებდა მოძალადე ხელისუფლებას. გულს ასკდებოდა და ნელ- ნელა დნებოდა, ნელ- ნელა ქრებოდა კიდევ ერთი დიდებული ქართველი და მე ნუგეშად მისი აციმციმებული თვალები მრჩებოდა და ღიმილიანი ნათქვამი: ხაშურში უნდა ჩავირბინო, დედაჩემს უნდა ვკითხოო...
იმ დღეს თემურ მეტრეველის მეგორბებმა და სტუდენტებმა წიწამურში ჩაირბინეს - დიდი ილიას ძეგლთან ილიას „ივერიას“ გამოცემის 140-ე წლისთავი აღნიშნეს და თემურ მეტრეველის ძალდატანებით შეჩერებული ტრადიციაც აღადგინეს. ამასთან, იმედი გამოთქვეს, რომ აწ განსვენებული ჟურნალისტის იდეა რეალობად ახლა მაინც იქცევა და ქართული ჟურნალისტიკის დღედ 16 მარტი, ანუ ის დღე გამოცხადდება, როცა ილია ჭავჭავაძემ ჭეშმარიტად ქართული გაზეთი „ივერია“ პირველად გამოუშვა...
წყარო: „პრაიმ თაიმი“

 
													საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
30 ოქტომბერი, 2025 , 18:22
 
													ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
30 ოქტომბერი, 2025 , 17:52
 
													დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
30 ოქტომბერი, 2025 , 16:43
ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
30 ოქტომბერი, 2025 , 16:35
 
													გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატი დაიწყო – საპრიზო ფონდია $20,000
30 ოქტომბერი, 2025 , 16:31
 
													საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
30 ოქტომბერი, 2025 , 14:33
 
				

 
								