Society
    2026-04-04 | 12:09

    მომავალი პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს - მეუფე იაკობი

    მომავალი პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს - მეუფე იაკობი

    ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ქადაგებისას განაცხადა, რომ მომავალი პატრიარქის ვინაობის საკითხზე არსებული ვნებათაღელვა ზედმეტია და გადაწყვეტილებას მხოლოდ სინოდი მიიღებს.

    მისი თქმით, ის გახდება პატრიარქი, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ხოლო ამ პროცესში ჩარევა დაუშვებელია.

    „დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით, იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც მივცემთ ხმას, აუცილებლად იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    მისივე შეფასებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შემდეგ ახალ პატრიარქს განსაკუთრებული თანადგომა დასჭირდება.

    „ჩვენი პატრიარქი ილია მეორისგან განსხვავებით, მას დასჭირდება თანადგომა და მხარში დგომა. 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში. ბევრნი ვიყავით და 39 დავრჩით. უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება შევინარჩუნოთ და ვემსახუროთ ღმერთს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

    როგორც მან განაცხადა, სინოდი საკმარისად მყარია იმისთვის, რომ ყველა სირთულე გადალახოს და ეკლესიის შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა.

    „უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა. ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით. ვინც ჩაერევა, იმპერიებს რა მოუვიდათ ჩვენთან რომ ერეოდნენ, იმათაც იგივე მოუვათ – შინ თუ გარეთ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, თუმცა ეს სამკითხაო არ არის და სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას გაუხარდება“, – თქვა მან.

    მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესია „საიმედო ხელშია“ და მას არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც სხვა რომელიმე მხარის ჩარევა სჭირდება.

    „ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, დამერწმუნეთ. არავის არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის, არც ზედმეტი ჩარევა. ყველაფერი უფლისგან იქნება. ჩვენ თუ გვიყვარს ღმერთი და თუ პატრიარქი გვიყვარს, მოვიქცევით ისე, როგორც ჭეშმარიტ ქართველს შეეფერება“, – აღნიშნა მან.

    მისივე თქმით, პატრიარქის არჩევის პროცესში სამი კანდიდატი გამოიკვეთება და საბოლოოდ მათ შორის ერთს აირჩევენ.

    „გარეთ ნუ ღელავთ, მერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. იმიტომ, რომ იქნება სამი კანდიდატი. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და იმ ღირსეული კანდიდატებიდან კიდევ ღირსეულს ავირჩევთ. რომლებსაც არ ავირჩევთ, ისინიც ღირსეულები იქნებიან. რომელსაც არ გვინდა პატრიარქობა, ისინიც ღირსეულები არიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    მისი თქმით, სინოდში დაპირისპირება არ იქნება, რადგან წლების განმავლობაში ეპისკოპოსებს ერთობლივი მუშაობისა და ურთიერთობის გამოცდილება დაუგროვდათ.

    „ჩვენი პატრიარქის შემდეგ პატრიარქობა, თუ გვერდში არ დაგიდგნენ, წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება. უწმინდესმა ისე გაგვზარდა, ბოლო 9 წელი გვასწავლიდა, რომ ერთად ვმდგარიყავით. მოსაყდრე რომ გამოირჩია, მეუფე შიო, იქ ყველა საკითხს გავდიოდით ერთად. ამიტომ უცხოები აღარ ვართ. მაგით მიგვაჩვია იმას, რომ მარტო სინოდზე კი არ ვხდებოდით ერთმანეთს, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს. ამიტომ დაპირისპირებაც არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედა ეკლესია“, – თქვა მეუფე იაკობმა.