Society
    2026-04-04 | 13:02

    მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

    მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

    მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. შეკრების მონაწილეები ითხოვენ „ხელმისაწვდომ და უსაფრთხო სტერილიზაციას ყველა რაიონის დონეზე“ და „ანტიჰუმანური კანონის“ შეცვლას.

    აქციაზე მოქალაქეები შინაური ცხოველებითა და ბანერებით მივიდნენ. მათ შორის იყო წარწერები: „არა მკვლელ კანონს“, „ვეძებთ გამქრალ 9000 ძაღლს“, „სად გაქრნენ ჩვენი მეგობრები“, „არ დაგითმობთ ცუგებს“.

    აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნებია, შეწყდეს ცხოველების სავარაუდო წამება და ქუჩიდან გაყვანილი ძაღლები დაბრუნდნენ იმავე ტერიტორიებზე, საიდანაც აიყვანეს.

    მათივე თქმით, აუცილებელია 92-ე და 412-ე განკარგულებების, მათ შორის 412-ე განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შეცვლა, რაც, მათი შეფასებით, „ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“ შეუწყობს ხელს.

    აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ან ცხოველის მიმკედლებელს მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ან სად გადაიყვანეს გაუჩინარებული ცხოველები.

    „როდესაც ძაღლებს წაიყვანენ, იმ ადგილებში უკან უნდა დააბრუნონ — ეს არის ჩვენი შეკრების მთავარი თემა. მეორეა ის, რომ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და პროცესი გადაიღონ. ცხოველები უნდა იყვნენ აღრიცხულები, პროცესი კი — კანონიერ ჩარჩოში მოქცეული. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქუჩაში მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს, მაგრამ რაც გვყავს, მათ არ უნდა შევეხოთ. პროცესი უნდა იყოს ჰუმანური“, — განაცხადა მარინა ბერსენაძემ.

    აქციის სხვა მონაწილეების თქმით, „ძაღლები გადაჰყავთ დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ტყეში, სადაც ისინი შიმშილით, ნელი სიკვდილით კვდებიან“.

    ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან გაჰყავთ. მოქალაქეები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო- და ვიდეომასალას ავრცელებენ, აცხადებენ, რომ ხშირად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველები.

    ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით.

    სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.