Politics
    2026-04-06 | 12:14

    ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს - ზურაბ ნოღაიდელი

    ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს - ზურაბ ნოღაიდელი

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილს მწვავედ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მას ვერც შენიშვნებს მისცემს და ვერც „მოღალატედ“ მოიხსენიებს.

    ნოღაიდელი დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

    დღევანდელი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სააკაშვილმა მოწმეს კითხვები დაუსვა 2009 წელს რუსეთში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ და მას „მოღალატე“ უწოდა.

    სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთში მისი ვიზიტის მიზანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები იყო.

    „საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. ეს ასჯერ გაქვთ მოსმენილი“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი პოზიცია სასამართლო დარბაზშივე დააფიქსირა.

    „სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. რასაც ვფიქრობ, ვუთხარი სხდომათა დარბაზში. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

    ყოფილმა პრემიერმა დამატებით კითხვებზე პასუხად აღნიშნა, რომ მისი შეფასებები „რუსული პროპაგანდა“ არ არის და ეს მისი პირადი პოზიციაა.

    „არ უნდა ეფორთხა. არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაიცვა არა ის. არ უნდა იფორთხო. [დაცვის თანამშრომლებმა] მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი. [სააკაშვილი] ღირსეული არ იყო“, – თქვა მან.

    ნოღაიდელის განცხადებით, 2008 წლისთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ იყო „ღირსეული ლიდერი“, თუმცა პრობლემები მანამდეც არსებობდა.

    „2008-ში აღარ იყო ღირსეული, მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში...“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

    ვლადიმირ პუტინთან შეხვედრების საკითხზე საუბრისას ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ეს „მთავარი საკითხი არ არის“. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საზოგადოების ნაწილი ამას „ღალატად აღიქვამს“, მან უპასუხა, რომ „არ აღიქვამს“.

    მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „აუცილებლად უნდა დალაგდეს“.

    „აუცილებლად უნდა დალაგდეს.... ვისი წყალობითაც დალაგდება, იმის წყალობით დალაგდება. თქვენი აზრი არაა საინტერესო, გგონიათ საზოგადოებას წარმოადგენთ?“ – მიმართა ნოღაიდელმა ჟურნალისტს.

    ამასთან, სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტს რამდენჯერმე, დაახლოებით 4-5-ჯერ შეხვდა.

    ფოტო TVპირველი.