Justice
    2026-04-07 | 10:25

    სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დახურეს

    სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დახურეს

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მედიას რეზონანსული საქმის განხილვის გაშუქების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სასამართლო სხდომა ისევ დახურეს.

    შესაბამისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა - პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში არსებულ მოწმეთა სახელებისა და გვარების გაჟღერებით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ მოწმეებს და მათი ოჯახის წევრებს.

    ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვით და გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერით, ისინი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. დაცვის მხარის სურვილია, სხდომები ღია იყოს. საბოლოოდ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სხდომა დახურა. 

    „ერთის მხრივ ჩვენ სახელმწიფო ბრალდება მუდმივად გვთავაზობს უწყევტ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდებას სოციუმისთვის, რაც მათი ნებისმიერი ბრალის წარდგენას წარმოადგენს, თუმცა დაცვის მხარე ორმხრივად არის შეზღუდული თავის პოზიციის საჯაროდ გაჟღერებაზე. ეს არის ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილზე ხელმოწერა ადვოკატების მიერ და ამასთანავე, რაც გრიგოლ ლილუაშვილი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში, ყოველ ჯერზე ხდება პროკურორის მხრიდან შუამდგომლობის დაყენება სხდომის დახურვასთან მიმართებით იმ არგუმენტით, რომ თურმე შესაძლოა მოწმეებზე, რომლებიც არ უნდა გახმაურდეს და ასეულობთ მოწმეა გამოკითხული, მათზე შეიძლება მოხდეს ზემოქმდება, მათ ოჯახის წევრებს შეიძლება დაემუქროთ საფრთხე და ა.შ. მასე ყველაფრის საფრთხე არსებობს. მეც რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვას ვახორციელებ, როგროც ადვოკატი, შეიძლება ჩემს მიმართაც არსებობდეს საფრთხე.

    საზოგადოებაც ახლა ისმენს, რომ ასეულობთ მოწმე არსებობს, რომელიც იძლევიან რაღაც კონკრეტულ ჩვენებას. როდესაც ვსაუბრობთ ასეულობით მოწმეზე, რა შემხებლობა აქვთ მათ საერთოდ ბატონ ლილუაშვილის საქმესთან? ჩვენ რატომ გვინდა, რომ პროცესი იყოს გახსნილი - ეს ბრალდებსი მხრიდან იცით რით არის ნაკარნახევი? სოციუმისთვის მაქსიმალურად შეიზღუდოს ინფორმაცია და პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალი, რომელიც იმიტაციას ქმნის, რომ თითქოს ლილუაშვილის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით თურმე ისეთი შემადგენლობისაა, რომ შეიცავს რეალურად დანაშაულის ნიშნებს - აი ამგვარი შეფუთვა მიეცა ბრალს.

    ხურავთ ამ პროცესს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო კომენტარსაც ვერ ვაკეთებთ დაცვის მხარე სატელევიზო სივრცეში და ფაქტობრივად, დომინანტის პოზიციით გვევლინება ბრალდების მხარე, რომელიც ბრიფინგებს მართავს, მათ შორის სიუჟეტებს ამზადებინებს ამა თუ იმ სატელევიზიო სივრცეს, საიდანაც სხვათაშორის რაიმე ჩართულობა არ მოუთხოვიათ, მაგრამ რომ შემოეთავაზებინათ, რეალურად გამოდის, რომ ვერ ვამბობთ შიგთავსს, რაც სისხლის სამართლის საქმეშია. მე მაინტერესებს, აი აქ წარმოდგენილმა ობიექტურმა წარმომადგენელმა, რომელმა შეიძლება ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს? მაქსიმალური შეზღუდვა ბრალდებულს შეიძლება ჰქონდეს პირობითად მოწმეებთან ურთიერთობაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ აქ წარმოდგენილი სოციუმი რაიმე სახით რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებას მოახდენს?", - განაცხადა ადვოკატმა სხდომის დახურვამდე. 

    დღეს წინასასამართლო სხდომაა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. შესაძლოა დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიებაც გადაიხედოს. 

    • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

    2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

    რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

    პირველი ეპიზოდი

    • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

    მეორე ეპიზოდი

    • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

    მესამე ეპიზოდი

    • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

    • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

    • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

    მეოთხე ეპიზოდი

    • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

    • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

    ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.

    ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

    წყარო