მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, ერთს კი 6.9 წლით პატიმრობა მიესაჯა
მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკავებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ.
გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ პროცესის შეფასებისას აღნიშნა, რომ პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, რომელმაც ყველაფერი „ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა“.
„თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ.
ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.
მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, სასამართლომაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, მე ღირსეული შვილი მომიკლეს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.