“9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი მორალურად საბოლოოდ გატეხა” - "ოპოზიციის ალიანსი" განცხადებას ავრცელებს
"ოპოზიციის ალიანსი" 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი "მორალურად საბოლოოდ გატეხა".
"1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი.
9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი მორალურად საბოლოოდ გატეხა და საწინდარი დაუდო ქართველი ხალხის გმირობიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
9 აპრილი იმის სიმბოლოა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას არასდროს შეწყვეტს, ხოლო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად", - წერია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.