ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს
ცნობილი ქართველი კალათბურთელის, NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, შპს „სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ქონება კომპანიას გადაეცა „აღნაგობის უფლებით“, რაც ნიშნავს, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, თუმცა კომპანიას უფლება აქვს იქ ააშენოს ობიექტი და გამოიყენოს იგი.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18 973 ლარი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი ეფუძნება 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია სახელმწიფოს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კომპანიას შორის. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს ჰესის მშენებლობისა და მუშაობის პირობებს.
ქონების გადაცემისა და პროცესის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა გაატაროს ყველა საჭირო პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „სადმელი ჰესი” 2023 წლიდან არის რეგისტრირებული და მისი სრული სააქციო პაკეტის მფლობელი ზაზა ფაჩულიაა.
აღნიშნულ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.