გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ - დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურული, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემები.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. ასევე, დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. მე, როგორც მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, უამრავ პრობლემას ვაწყდები ადგილზე, რაც მხოლოდ ამ რეგიონისათვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, თიანეთის რაიონის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსით პირველი რიგის პრობლემები რამენაირად მოგვარდეს. დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორჯერ ისე შეიცვალა, რომ სასმელი წყალი არ არის და დღესაც სიონი უწყლოდაა დარჩენილი. დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. 31 თემი დღესაც ელექტროენერგიის გარეშეა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველზე უნდა იზრუნოს ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების წინ.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და პაციენტები მხოლოდ ენთუზიასტი ექიმებისა და მედპერსონალის იმედად არიან დარჩენილნი. პირველად არ გამოვხატავ წუხილს მცხეთასთან მიმართებით. ძირითადი პრობლემა პასუხისმგებლობის მუდმივად ზევით გადამისამართებაა, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქრონიკულ პრობლემად იქცა. შედეგი სახეზეა – სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. ასევე, ისტორიულ ძველ სატახტო დედაქალაქ მცხეთაში მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზე. მოუწესრიგებელია ჯავახიშვილის ქუჩა და აქაც მოსახლეობა ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის. მე ვითვალისწინებ იმას, რომ ადგილობრივი რესურსით ეს პრობლემები ვერ გვარდება და სულ ზევით უნდა ვეძიოთ გადაწყვეტილება. ამიტომ მეც ზევით მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს და მინდა, მას მადლობა გადავუხადო – ის დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ასე რომ, პრობლემა ბევრია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა დროა მათ მოსაგვარებლად. არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს. არ უნდა გავერთოთ არასაარჩევნო პერიოდით, არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი. მე ველი, რომ ჩემი გამოსვლა არ იქნება მხოლოდ გამოსვლა და ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა რეალური ნაბიჯები, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია.
„გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ამომრჩეველი არ არის სტატისტიკა, არ არის უბრალოდ ციფრი და არის ძალა, რომელიც წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და აჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაჭიანურება, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ. არჩევნებამდე ორ წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მათ მოსაგვარებლად. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონას ამცირებს და საფრთხეებს ბევრი მიმართულებით ქმნის. ფასების შემცირებაზე საპარლამენტო კომისია შევქმენით, ორი თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება. ზოგჯერ კი, ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ. ასე გაკეთდა ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შეზღუდვისას, რამაც უკვე გააძვირა ავტომობილები. კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.