Commentary
    2026-04-17 | 09:08

    ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ ეს განაჩენი დატოვოს, ესე იგი, ღმერთის არ ეშინია და ჯობს ეშინოდეს - სალომე ზურაბიშვილი

    ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ ეს განაჩენი დატოვოს, ესე იგი, ღმერთის არ ეშინია და ჯობს ეშინოდეს - სალომე ზურაბიშვილი

    თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმეზე პროცესი იწყება.

    სასამართლო  სხდომას მსჯავრდებულების ახლობლების და ოჯახის წევრების გარდა ესწრება საქართველსო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

    "არც წინასწარმეტყველება შემიძლია, არც წინასწარი განწყობა არ მაქვს ისეთი, რადგან ამ სასამართლოს სისტემის არანაირი იმედი არ შეიძლება ამ ქვეყანაში გქონდეს, მაგრამ ერთი მაინც, ღვთის იმედი შეიძლება გქონდეს ადამიანს. ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ ეს განაჩენი დატოვოს, ესე იგი, ღმერთის არ ეშინია და ჯობს ეშინოდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე სავარაუდოდ, განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

    ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.