Commentary
    2026-04-20 | 09:26

    ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ - შალვა პაპუაშვილი

    ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ - შალვა პაპუაშვილი

    ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშალონს – ვაშაძისა და სხვების სახით. მათგან ყოველ ჯერზე არეულობის, სისხლისღვრის დაანონსებას შეჩვეული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    „4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა მათ, ვისაც საქართველოში ნეპალის მოწყობა ჰქონდათ დაანონსებული. ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ქართულ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ. ვხედავთ, სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, ქვეყანა ისევ დააზიანოს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, იქნება რამდენიმე „აკაცუკი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება.

    მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.

    „10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში - „ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.