Politics
    2026-04-20 | 11:28

    საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

    საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

    საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა.
    როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად, კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის  89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას საშუალებას იძლევა.
    აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას.

    პარტია “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. “ქართულმა ოცნებამ“ ახალი სარჩელით ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია “ფედერალისტები“ დაამატა.

    “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 31 ოქტომბერს სამი ოპოზიციური პარტიის: - “ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ლელო - ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.