ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი - თამარ ჩერგოლეიშვილი
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ხოლო ადრე შეტანილ სარჩელს უკან გამოითხოვს.
ახალი სარჩელის საფუძველზე იზრდება იმ პარტიების რაოდენობა, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი გუნდი სასამართლოს მიმართავს — ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის შეზღუდვას ნიშნავს.
მისი თქმით, პარტიების აკრძალვის მცდელობა ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა და მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ფედერალისტები“ არ აპირებენ მონაწილეობას „ფორმალურ პროცესებში“, თუ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გაგრძელდება.
“ივანიშვილის “ცხოველების ფერმის” წარჩინებული წარმომადგენლის, ბატონი პაპუაშვილის განცხადებით, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეხება, თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში, ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება და „ფედერალისტები“ არანაირ ფორმალურ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ“ , ამბობს ჩერგოლეიშვილი.
ამასთან, მისი შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციისა და შიდა პროტესტის პირობებში სუსტდება. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გეგმავს ხელისუფლებაზე ზეწოლას აქციების, საერთაშორისო სანქციებისა და პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზების გზით.
მისივე განცხადებით, პარტია აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და არ მიიჩნევს მოქმედ ხელისუფლებას ლეგიტიმურად.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, სამოქალაქო უფლებების აღდგენა და „რუსული კანონების“ გაუქმება.
„ჩვენ ვაპირებთ ყველა რესურსის გამოყენებას, რაც რეჟიმისთვის ძირს გამოგვათხრევინებს, მათ შორის სასამართლოსი, თუ ეს შეიძლება იყოს გზა იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლომდე მივიდეთ და იქაც მოვახდინოთ რუსული რეჟიმის დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ჩამოვშალოთ და ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან. ჩვენ დაუფარავად ვამბობთ, რომ იგივე ბრძოლაში ვართ, რა ბრძოლაშიც ჩვენი თანამემამულეები 9 აპრილს იყვნენ, რა ბრძოლაშიც 91 წლის რეფერენდუმზე ვიყავით. დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი იმ რეჟიმისგან, რომელიც ქვეყანა რუსულ ჭაობში ტოვებს დამოუკიდებლობის ფასად იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ქვეყანა კი არ მართოს, არამედ ძარცვოს ყველაზე უმწეოების ხარჯზე“,-აცხადებს ჩერგოლეიშვილი.