ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის მანძილზე ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია? - მიხეილ სააკაშვილი
ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
„ივანიშვილმა დახურა ჩემ მიერ შექმნილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, სადაც დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნებოდა. უარი თქვა ამერიკის მთავრობის ფულზე და არ შეუშვა GeorgiaTech. სამაგიეროდ შექმნა თავისი კატასტროფული ტექნიკუმი (მე იმას უნივერსიტეტს ვერ ვუწოდებ) ქუთაისში, სადაც უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენას ასწავლიან.
ივანიშვილმა გააჩერა ტრამპის და ჩემი ერთობლივი ტრამპთაუერის პროექტი ბათუმში, სადაც ის ქალაქის და საქართველოს მშვენება უნდა ყოფილიყო თავისი უბრწყინვალესი არქიტექტურით და სამაგიეროდ დგამს მორიგ უგემოვნო ცათამბჯენს იპოდრომზე და უნდა მისთვის ტრამპის სახელის ფრენჩიზის ყიდვა.
ივანიშვილმა შეწყვიტა ანაკლიაში ჩემ მიერ წამოწყებული ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელსაც 9 თვე აკლდა დასრულებამდე, სამაგიეროდ ახლა ცალყბად მაინც განაახლა იქვე პორტის მშენებლობა.
ნუ, ეს კაცი დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის მანძილზე ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?“,- წერს სააკაშვილი.