ოპოზიციური ალიანსი სასტუმრო "მერიოტში" ბრიტანეთის ელჩს დახურულ კარს მიღმა ხვდება
ოპოზიციური ალიანსი სასტუმრო "მერიოტში" ბრიტანეთის ელჩს დახურულ კარს მიღმა ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი დიდი ბრიტანეთის საელჩოა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტვპირველი ავრცელებს.
ალიანსის წევრები გეგმავენ, დიპლომატს საკუთარი გაერთიანების და გეგმების შესახებ ესაუბრონ. მათი თქმით, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და "ოცნების" პოლიტიკასაც, ასევე იმას, როგორ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დაეხმაროს ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ ძალებს, რათა ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს.
„ვაპირებთ, ავუხსნათ, რომ ალიანსის ამოცანა მხოლოდ რეჟიმის დამარცხება არ არის. ალიანსის ამოცანაა, დემოკრატიაში საზოგადოების რწმენის აღდგენა და სწორედ ამიტომ, ჩვენი თავებიდან ვიწყებთ. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი. პირველი ეს. მეორე ის, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა არის ჩვენი გამარჯვების გზა და კონკრეტულად რას ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ამ გზაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მარცხს და საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი“, - თქვა შეხვედრაზე შესვლამდე "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ენმ-ის წევრი გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს საქართველოს პარტნიორებთან ქვეყნის დემოკრატიული კურსის დასაბრუნებლად.
„საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, რომელსაც საქართველო მიჰყავს იზოლაციისკენ, მიჰყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი ისევე, როგორც საქართველოს სხვა მეგობრები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული, აყვავებული ქვეყანა და არ უჭერს მხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას“, - ამბობს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.
ოპოზიციურ ალიანსში ამბობენ, რომ გეგმაში აქვთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.