საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დასკვნას მხარი დაუჭირა. საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დაადგინა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 22 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა.
„მთავრობის ხელმძღვანელის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და პარლამენტში შესაბამისად იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად სამთავრობო სტრუქტურა განიცდის ცვლილებას და იქმნება ძალოვან სტრუქტურებთან მაკოორდინირებელი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, რომელიც ამავდროულად იქნება ვიცე-პრემიერი. აქვე ითქვა, რომ მოაზრებული კანდიდატურა ამ პოსტისთვის გახლავთ მამუკა მდინარაძე, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ასევე ცვლილებები შეეხება შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. შს მინსიტრი იცვლება, როგორც მოგეხსენებათ. ასევე ცვლილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. ბატონი მამუკა მდინარაძე იყო ძალიან ეფექტური ამ პოზიციაზე. სულ რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად ზღვა სამუშაო იქნა განხორციელებული. უამრავი რეფორმა ჩატარდა, უამრავი მიმართულებით გადაიდგა ადეკვატური, შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა სახელმწიფოს წინაშე, ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ძალოვან სტრუქტურებს შორის მაკოორდინირებელი ფუნქციის გაჩენა სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლში. ალბათ, უკონკურენტოა ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ამ კვირაში მოგვიწევს პარლამენტში სხვა საკითხებთან ერთად მუშაობა. დაჩქარებული წესით განვიხილავთ შესაბამის კანონპროექტს, რომელიც იქნება მთავრობიდან წარმოდგენილი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება 21 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ცვლილებების თანახმად, მამუკა მდინარაძემ ვიცე- პრემიერისა და ასევე ახალი სამინისტროს-სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, ხოლო შს მინისტრის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელი, სულხან თამაზაშვილია წარდგენილი.