social media
    2026-04-27 | 09:38

    ცოცხალი ქათმის ფასი უნდა შემცირდეს თავდაპირველად, კვერცხის ფასი რომ გაიფდეს თუ პირიქით, ჯერ კვერცხის ფასმა უნდა დაიკლოს, ამ მარადიულ კითხვაზეც გაგვცემენ ალბათ პასუხს - რომან გოცირიძე

    ცოცხალი ქათმის ფასი უნდა შემცირდეს თავდაპირველად, კვერცხის ფასი რომ გაიფდეს თუ პირიქით, ჯერ კვერცხის ფასმა უნდა დაიკლოს, ამ მარადიულ კითხვაზეც გაგვცემენ ალბათ პასუხს - რომან გოცირიძე

    ყოფილი პარლმენტრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ოპოზიციამ საწვავის აქციზი დასწიეთ, ზედ დღგ-საშემოსავლოც მიაყოლეთ და ფასებიც შემცირდებაო. სწორედ იგივე მოითხოვეს ფასების საპარლამენტო კომისიაზე მეფრინველეებმაც, ოღონდ ისინი მთლად ასეთ სიღრმეებში არ გადავარდნილან, საკუთარი ვიწრო ინტერესების სფეროთი შემოიფარგლნენ-მხოლოდ კვერცხზე ითხოვენ დღგ-ს გაუქმებას. ცოტას წაიეშმაკებენ კიდევაც-ამით არა მხოლოდ საკუთარი შემოსავლების ზრდაზე ზრუნავენ, არამედ მთავრობასაც უნდათ რომ ასიამოვნონ, ერთი დანაპირების შესრულებაში მაინც წაეხმარონ. კვერცხის ფასი “ოცნების” ხელისუფლებისათვის ხომ სტრატეგიული პრესტიჟის საკითხია.

    რაც შეეხება ქათმის ხორცის ფასების საკითხს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულად ყოფილა. გადასახადის შემცირება ამ შემთხვევაში არ არისო საკმარისი. ჩინური ქათმის ბარკლებისა და მკერდის შემოტანის აკრძალვას ითხოვენ ფასების კომისიისაგან. თურმე ჩინელებს ქათმის ფრთები, ფეხები და ყელი ჰყვარებიათ, ბარკლებს და მკერდს კი იშვიათად მიირთმევენ. ამიტომ, თუ არ ავკრძალავთ მათ შემოტანას , წალეკავს ჩვენი მაღაზიების დახლებს იაფი ჩინური ბარკლები და მკერდებიო. ანუ, იმათ იაფ ქათამს თუ იყიდით, ჩვენი ძვირი როგორ გავასაღოთო-ჩივიან მექათმეები.

    ჩინელებს ქათმის ნარჩენები თუ ერჩიათ მის მსუყე ნაწილებს , ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ ისეთი ადამიანები ყვებიან ამ ამბავს ფასების კომისიაზე, რომ ნამდვილად დაეჯერებათ. ეს ინფორმაცია მეფრინველეობის ასოციაცის თავმჯდომარემ და კვერცხის მწარმოებელი კომპანია “კუმისის” მეპატრონემ აგერ, ტელევიზორშიც გაიმეორა. ეს ის კუმისია, პირველს რომ გაუჩნდა იდეა კვერცხის ფასის შემცირების, ოღონდ სხვები არ აჰყვნენ რატომღაც.

    მოკლედ, როგორც ირკვევა, ხელისუფლება კი არ ყოფილა დამნაშავე ფასების ზრდაში, არამედ გადასახადები. ამას ამტკიცებს ოპოზიციაც და არაოპოზიციაც. ეს გადასახადები კი აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც მოქმედებს. გამოდის, ფასების ზრდის მიზეზი ძველი ნაცები ყოფილან, ამ გადასახადების შემომღებები, ოღონდ ეს არ იციან ახალმა ნაცებმა, რომლებიც ასევე გადასახადებს აბრალებენ ყველაფერს.

    საბოლოოდ ეს კომისია იმ დასკვნამდე მივა, რომ ფასების ზრდის მიზეზი წინა ხელისუფლება აღმოჩნდება.

    ცოცხალი ქათმის ფასი უნდა შემცირდეს თავდაპირველად, კვერცხის ფასი რომ გაიფდეს თუ პირიქით, ჯერ კვერცხის ფასმა უნდა დაიკლოს, ამ მარადიულ კითხვაზეც გაგვცემენ ალბათ პასუხს. ლოგიკურია, რომ იაფი ქათამი იაფ კვერცხს დადებს, მაგრამ იაფი კვერცხისგანაც ხომ იაფი წიწილა გამოიჩეკება? არაა მარტივი ამ ამბავში გარკვევა. აქ გადასახადებისგან უნდა მოვახდინოთ აბსტრაგირება, ფასების ზრდის ნამდვილი მიზეზებს რომ ჩავწვდეთ. ეს კი არაა ადვილი საქმე. ადვილი რომ იყოს, მსოფლიოში არც ინფლაცია იარსებებდა და არც ფასების კომისიები:))“.