Politics
    2026-04-27 | 10:30

    მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას - საგარეო უწყება

    მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას - საგარეო უწყება

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

    „სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.