Politics
    2026-04-28 | 10:19

    ჰერჩინსკის ბოლო დროინდელი განცხადებები კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებების უკან “დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს - მიზანი კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა - ირაკლი კირცხალია

    ჰერჩინსკის ბოლო დროინდელი განცხადებები კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებების უკან “დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს - მიზანი კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა - ირაკლი კირცხალია

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული ზეწოლა მიმდინარეობს.

    მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, აღნიშნული პროცესები განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში ომის დაწყებისა და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საქართველოს უარის შემდეგ.

    კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება შეძლო, რასაც, მისი შეფასებით, ქვეყნის განვითარება მოჰყვა, თუმცა პარალელურად გაძლიერდა კრიტიკა და, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა „გადატრიალების მცდელობის“ რამდენიმე შემთხვევასაც.

    მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი გამოიყენება როგორც ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმი. კირცხალია ამტკიცებს, რომ მიუხედავად ქვეყნის „ლიდერი პოზიციისა“, ევროინტეგრაციის გზაზე მას ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან და აღნიშნულის პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე გადატანას ცდილობენ.

    ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში ჩართული არიან „არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია“ და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები, ასევე დიპლომატიური სტანდარტების დარღვევით – კონკრეტული ქვეყნების ელჩები.

    კირცხალიამ განსაკუთრებულად გამოყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები და ქმედებები „დიფ სთეითის ხელწერაზე“ მიუთითებს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყებაა.

    “ამ პროცესის ავანგარდში არამხოლოდ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია და პოლიტიკური ლიდერები დგანან, არამედ ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევით პირდაპირ არიან ჩართული კონკრეტული ქვეყნის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

    რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა და ისიც, რომ არ ვახსენოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა მაშინ, როდესაც მისი სკანდალური წერილითაც დასტურდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევრობიუროკრატებმა შეაჩერეს, ჰერჩინსკის ბოლო დროინდელი განცხადებები კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებების უკან “დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს - მიზანი კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა“, -  განაცხადა ფრაქცია ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.