ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი შეურაცხყოფაა - თაზო დათუნაშვილი
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი თაზო დათუნაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სურსათის გაიაფებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს და მას „ფასების ჩავარდნილი კამპანიის ტყუილებით გადარჩენის მცდელობას“ უწოდებს.
დათუნაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის განცხადებები რეალობას აცდენილია და მოსახლეობის შეურაცხყოფას წარმოადგენს. მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული ფასები – მათ შორის, 500 გრამი ხორცის 10 ლარად და 10 კვერცხის 4.60 ლარად შეძენა – ქართულ ბაზარზე არ შეესაბამება არსებულ მდგომარეობას.
„აქამდე ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე არ იყო ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, რომ ირაკლი კობახიძე იყო გაყიდვების ბიჭუნა კონკრეტული დეველოპერული კომპანიისთვის, ახლა დაემატა თურმე საქართველოში ფასების აბსოლუტური უცოდინარობა და ის, რომ ირაკლი კობახიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ბაზარში და არც მაღაზიაში ალბათ, ნამყოფი არ არის. ის, რომ მაღაზიებში ნამყოფი იყოს, ამ უტიფარი ტყუილით არ დაკავდებოდა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ასე გაბაიბურება,“ - ამბობს დათუნაშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ნახევარი კილოგრამი საქონლის ხორცის მინიმალური ფასი დაახლოებით 15 ლარია და მსგავსი მონაცემების გავრცელება „მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას“ ემსახურება. მისი თქმით, მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გადაამოწმონ ფასები სავაჭრო ობიექტებში.
დათუნაშვილი ასევე შეეხო კვერცხის ფასს და აღნიშნა, რომ პროდუქტის ღირებულება რეალურად არ შემცირებულა, არამედ მხოლოდ დროებით დაუბრუნდა წლის დასაწყისის ნიშნულს. მისივე თქმით, სააღდგომო პერიოდში კვერცხის ფასი გაზრდილი იყო, ხოლო შემდგომი შემცირება რეალურ გაიაფებას არ ნიშნავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს სხვა ეკონომიკურ ფაქტორებზეც და აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის ფასის ზრდა მომავალში სურსათის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები მოსახლეობის მიმართ „უკიდურესი შეურაცხყოფაა“ და ეფუძნება კონკრეტულ სუპერმარკეტებში დროებით, ფასდაკლებით შეთავაზებულ პროდუქციას, რაც საერთო ბაზრის სურათს არ ასახავს.
“ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი შეურაცხყოფაა. მოსახლეობის, რომელიც ყოველდღიურად ლუკმა-პურისთვის იბრძვის. უკიდეგანო შეურაცხყოფა არის, ფასებით მანიპულირება მოახდინო და იმ ფასებზე ილაპარაკო, რომელიც კონკრეტულ სუპერმარკეტებში, კონკრეტულ დღეებში ფასდაკლებაზე ფაქტობრივად, ჩამოწერილ პროდუქციაზე აქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ეუბნება, რომ ისეთი ხორცი უნდა ჭამონ, რომელსაც 2 დღეში ვადა გაუვა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.