social media
    2026-04-30 | 10:09

    ახლაც იმედის ტირანიაში ვცხოვრობთ - გია ნოდია

    ახლაც იმედის ტირანიაში ვცხოვრობთ - გია ნოდია

    პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

    „ახლახან შემომხვდა მერაბ მამარდაშვილის ციტატი „ტრაგიკულ მხიარულებაზე“. ამან გამახსენა, რაც მისგან ხშირად გამიგონია: იმედი გვზღუდავს და თავისუფლებას გვართმევს; ცნობილი ტრიადიდან: „რწმენა, იმედი, სიყვარული“, იმედი უნდა ამოვიღოთ. „ტრაგიკულად მხიარულები“ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავხდეთ.

    ვიცი, რომ წინააღმდეგობრივი და ძნელად მისაღები აზრია. ვიცი, რომ ადამიანებს იმედი გვჭირდება და ვებღაუჭებით. მაგრამ მერაბსაც ვეთანხმები, რომ იმედზე მიჯაჭვულოობის დაძლევით უფრო თავისუფლები გავხებით და, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შეიძლება ცოტა ხასიათზეც მოვიდეთ. სწორედ ამას ქვია „ტრაგიკული მხიარულება“.

    მერაბის ეს ხედვა, რა თქმა უნდა, შერბილებული ტოტალიტარული მმართველობის პირობებში მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მომდინარეობდა. მაშინც გვქონდა იმედი, რომ სადღაც ვიღაცა რაღაცას გააკეთებს და „გვეშველება“.

    ახლაც იმედის ტირანიაში ვცხოვრობთ: ან უკრაინა მოიგებს ომს, ან ამერიკა და ევროკავშირი ბიძინას რაღაც სუპერსანქციებს დაადებს, ან ვიღაც გმირთაგმირი ჩამოფრინდება და „ერს გააერთიანებს“, ამის შედეგად ბიძინას დაენძრევა და გვეშველება.

    მაგრამ ჯერჯერობით უკრაინა ვერ იგებს (შესაძლოა, ამერიკამაც კი ვერ მოიგოს ირანში), სანქციებიც რეჟიმს ვერაფერს აკლებს, გმირთაგმირიც აგვიანებს. ჩვენ კი ისევ ველოდებით და ვართ უბედურები.

    ხოდა, ასეთი იმედები უნდა ჩავიკლათ. არ ვიცი, ამის მერე შევძლებთ თუ არა თავის შველას (მგონია, რომ შანსები გაგვეზრდება), მაგრამ გუნება მაინც გამოგვისწორდება და ცოტა უფრო ადეკვატურებიც გავხდებით.“