პრობლემა არა ფასებია, არამედ სისტემა, რომელიც გვაღარიბებს და ხელისუფლება, რომელიც იმდენს ართმევს მოქალაქეს, მწარმოებელს თუ რეალიზატორს, რომ შეუძლებელი ხდება რამე უფრო იაფი ღირდეს - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„პრობლემა ფასების მატებაში კი არა, პრობლემა შემოსავლების სიმცირეშია.
წლებია ჩემი ხელით მომყავს არაერთი პროდუქტი ოჯახისთვის, კარტოფილი, ლობიო, ნიორი, პომიდორი და ა.შ. და თითოეულ მათგანს თუ გინდა ნატურალური და არასაშიში იყოს, იმდენი მოვლა უნდა, არც ძვალი მრჩება ხოლმე და არც რბილი, გადატყავებული ხელებით, თოხით, ბარით, ცელით და თოხით ვტრიალებ და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად ძვირფასია თითოეული მათგანის ფასი და რთული მოყვანა.
ეს საოჯახოდ ვინც აკეთებს და ვინც კიდევ აწარმოებს მსგავს პროდუქციას, მას ხომ სხვა გამოწვევებიც მეტი აქვს. ის, რომ ფასი რომ მაღალია, ამის გამო მწარმოებელზე კი არ ვბრაზდები, ვბრაზდები იმაზე, რომ ამ ქვეყანში მყიდველი ვინც უნდა იყოს, ის არის უფულოდ, არასაკმარისი შემოსავლებით. როცა სეზონები ისე გადის, ბევრი მოქალაქე შვილებს ხილს ვერ ყიდულობს ნორმალურად, რადგან ძნელია გაუმკლავდე 12 ლარიან ბალს თუ მარწყვს და აქციო ყოველდღიური კვების რაციონად.
ვბრაზდები იმ ხელისუფლებაზე, ყველა პროცედურაში არანორმალური თანხა რომ მიაქვს მწარმოებლისგან და ბუნებრივია, რომ ნებმისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი მაქსიმალურად ცდილობს მოგების მიღებას და ეს ყველაფერი ჯამში მოქალაქის, მომხმარებლის წინააღმდეგ ტრიალებს.
ან ფასების შედარება შემოსავლების გარეშე ვინ მოიფიქრა? ან რა პროდუქციაზე მიგვითითებს რომელიმე მოხელე, როგორც გამოსაყენებელ პროდუქტზე? ხალხი ბაზარში დავდივართ და უბნის სუპერმარკეტების ფასდაკლებებს ველოდებით ხოლმე რომ რამე შევიძინოთ და გავუმკლავდეთ ელემენტარულ საჭიროებებს და რა მორალს გვიკითხავს სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ისიც არ იცის, რა განცდაა შვილს რომ სადმე ვერ ატარებ, ნორმალურ საკვებს ვერ ყიდულობ, ნორმალურ სამოსს, ხან რას აკლებ და ხან რას, მშობლები ხომ საერთოდ, საქართველოში, მშობლებს - შუა ხნის ადამიანებს, საკუთარი ცხოვრება ხშირად დავიწყებული აქვთ, ცდილობენ თავი ფულის შემომტან დაზგად აქციონ, რომ შვილების ელემენტარულ საჭიროებებს გაუმკლავდნენ.
ან სამედიცინო ხარჯები რომელიმე მოხელეს გაუთავისებია? ელემენტარული კონსულტაცია, კვლევა, მედიკამენტი უმარტივეს პრობლემაზე ასეულობით ლარი ჯდება და თუ ვინმე გყავს ახლობელი მედიკოსი, ის თუ დაგეხმარება მეგობრულად, რომ რამე გირჩიოს და თავის კონსულტაციის ფასი მაინც აგარიდოს.
მაგრამ თავი და თავი ისაა, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლება ძალით გვაჯერებს იმას, რაც შეუძლებელია დავიჯეროთ, იმიტომ რომ ზედმეტად ცხადად ჩანს ჩვენს მაცივარში, თაროებში, ხარჯებში, ჯიბეში ზოგადად.
ამიტომაც ვამბობ, პრობლემა არა ფასებია, არამედ სისტემა, რომელიც გვაღარიბებს და ხელისუფლება, რომელიც იმდენს ართმევს მოქალაქეს, მწარმოებელს თუ რეალიზატორს, რომ შეუძლებელი ხდება რამე უფრო იაფი ღირდეს, ან გაუმკლავდეს მოქალაქე ელემენტარულ საჭიროებებს, ისეთი, როგორიცაა ჯანდაცვა, ელემენტარული განვითარება, ელემენტარული კვება და ა.შ.
ფასები როცა დიდია და მსყიდველუნარიანობაც მაღალი ან საკმარისი მაინც, მაშინ იქმნება სახელმწიფო, მაშინ ვითარდება ბიზნესიც, მოქალაქეც და ზოგადად, სახელმწიფოც.
დაბალ ფასზე ორიენტირება საბჭოური პროპაგანდის მდგენელია, სადაც სახელმწიფო ღარიბ მოქალაქეს დაბალი ფასით აწონებდა თავს, ფასი შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ მოქალაქეს შემოსავალი უნდა აძლევდეს საშუალებას, სახელმწიფო კი არ უნდა აცლიდეს ყველაზე მეტს ჯიბიდან.“