მოგინდათ იაფი პროდუქცია? გაგახსენებთ იაფი ანუ “უფასო ყველი მხოლოდ და მხოლოდ სათაგურშია” - ედიშერ გვენეტაძე
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოუნდათ ზამთარში თბილ ღუმელებთან, ხოლო ზაფხულში კონდიციონერებთან ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან წამოწოლილებს:
შებოლილი ღორი. სულგუნი, ჭყინტი ყველი, გოჭის ხორცი, შემწვარი ვარია, კეცების მჭადი, ღომი, ელარჯი, ხაჭაპურები…
და ყელში ნერწყვმომდგარნი, მაგრამ
ირგვლივ სურსათზე ფასებით შეძრწუნებულნი, წუწუნებენ და მოთქვამენ: ხორცის, ყველის, რძის… გაძვირებული ფასების გამო.
ამიტომაც აქვე ვწერ.
რამდენს გყავთ: ძროხა, ღორი, ქათამი, ინდაური. აქედან გამომდინარე რამდენს გაქვთ რძე, კვერცხი, ხორცი;
რამდენმა დაამუშავეთ 1 ჰა მიწა მაინც და მოიწიეთ სიმინდი, ლობიო, სოიო, გოგრა…;
რამდენი მიდით წვიმაში, თოვლში, ქარში ადამიანთა მარჩენალთა ანუ შინაურ ცხოველთა საბძელში. დაუყარეთ ჩალა, თივა, ღერღილი. დააპურეთ ფრინველები;
რამდენს გაქვთ უკვე მოხნული და დასათესად გამზადებული მიწები?
რამდენს ფაქვთ ტექნიკურად გამზადებული მინიტრაქტორები ან კიდევ დანასავით ალესილი თოხები და ბარები?
რამდენი ხართ მზად პაპანაქება სიცხეში მინიტექნიკით ან მამაპაპური ორ უყიანი თოხით, დაამუშაოთ ჩვენი მამა-პაპის სიხლით და ოფლით დღემდე შენარჩუნებული და მოტანილი ქართული მიწა?
ააა, მოგინდათ იაფი პროდუქცია?
– უდაოდ კარგია.
მაგრამ გაგახსენებთ იაფი ანუ “უფასო ყველი მხოლოდ და მხოლოდ სათაგურშია”.
ვფიქრობ აღნიშნულ პროდუქციაზე ფასები ძალიან დაბალია და კიდევ უნდა მოიმატოს. ვინაიდან ბოლოს და ბოლოს უნდა დაფასდეს იმ გლეხის ნაშრომი, რომელსაც ნაჯაფი ხელები დაკოჟრილი აქვს. თანამედროვე ლუარსაბ-დარეჯანებივით ჩეროში წამოპლაკული არ აკაკუნებს კლავიატურაზე და არ არჩევს ტრამპის, სუნსულას, ანთილიყო მარიზის ამბებს და დროდადრო არ წამოიყვირებს “შიგ ევროპაში”.