social media
    2026-05-01 | 13:55

    არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა - რომან გოცირიძე

    არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა - რომან გოცირიძე

    ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    "ფასებს ზრდის ფულის ბეჭდვა. ამ იდეისათვის ნობელის პრემია მიიღო ხალხმა. თუ რატომ ხდება საჭირო ფულის ბეჭდვა, ამ მეორე იდეისათვის ნობელის პრემიები მიიღო სხვა ხალხმა.

    ფასების კომისიამ ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი არც კი უხსენებია.

    უსაქმურების მრავალთვიანი სხდომებიდან გავიგეთ ორი რამ:

    -არაფერ შუაში ყოფილან სავაჭრო ქსელები( საწვავიც იგულისხმება), ტყუილად დავაბრალეთ ზედმეტი მოგების მიღება, სინამდვილეში “მიწოდების ჯაჭვში” დამატებითი ხარჯები წარმოიშვება და ეს ზრდის საქონლის თვითღირებულებასო( ფასსო);

    -ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, მთავრობამ უნდა შექმნას რეგიონებში საქონლის მიწოდების სახელმწიფო სადისტრიბუციო ცენტრებიო.

    ეს რეკომენდაცია პირდაპირ გადმოწერეს ვენესუელის ფასების კომისიიდან, რომელსაც დიქტატორი ჰუგო ჩავესი ხელმძღვანელობდა და რომელმაც მოშალა ქვეყანაში ვაჭრობა და ჰიპერინფლაცია წარმოშვა. ახლა ჰუგო ჩავესი საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში პირველ რიგში ზის კობზონის კონცერტზე, ხოლო მისი მემკვიდრე მადურო ამერიკის ციხეში.

    ამ კომისიის სხდომების ორგანიზებისათვის რამდენი ელექტროენერგია, საწვავი და ხელფასები დაიხარჯა, რამდენი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს ამათი ნაბჟუტურების იმედ-რუსთავზე გაშუქება-ყველა თეთრი უკან უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში.

    მთავარი შედეგი კი ის მივიღეთ, რომ თავდაპირველად თუ ხელისუფლების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადაკისრება ბიზნესზე უნდოდათ (ნაწილობრივ სამართლიანად), ახლა ეს ბიზნესიც გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან, ბოდიში მოუხადეს “ფასნამატში” რომ სდებდნენ ბრალს და სრული კარტბლანში მისცეს ხალხის საძარცვავად.

    არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა."

    ცნობისთვის: სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია პარლამენტში თებერვალში 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. დასკვნით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. მან ასევე თქვა: " ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს... რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს“.