სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა.
თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და კონსოლიდირებული ანგარიშის წარუდგინა.
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე, ასევე ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე. თეა ახვლედიანის განცხადებით, პოლიტიკა შესაბამისობაშია არსებულ საჭიროებებთან და უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის აუცილებელი შესაძლებლობების შექმნას. აღნიშნული დასტურდება როგორც ოფიციალური ანგარიშებით, ისე დამოუკიდებელი შუალედური შეფასებებითა და სხვადასხვა კვლევითი მონაცემებით.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ათწლიანი სტრატეგიის განხორციელების შემდგომი ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პროგრესის დინამიკის, ასევე სამიზნე სეგმენტზე ზეგავლენის შეფასება, რომ სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ დარგობრივ უწყებებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს ერთიანი სურათის და ტენდენციების გაანალიზება და კონცენტრირებული სისტემური მიდგომებით შემდგომი ქმედებების დაგეგმვა.
„დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის შესრულების კონსოლიდირებული ანგარიშისა და პირველი შუალედური შეფასების შედეგები, რომლებიც ადასტურებს არსებით პროგრესს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული მიმართულებით, იქნება ეს სახელმწიფო ენის სწავლება, ხარისხიანი განათლება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია თუ კულტურათაშორისი დიალოგი. სწორედ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე, ჩვენ შევჯერდით შემდგომ მიზანმიმართულ ქმედებებზე და ვიწყებთ 2027-2028 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, რაც ემსახურება ჩვენი მრავალგანზომილებიანი პოლიტიკის შემდგომ განვითარებას იმისთვის, რომ ეტაპობრივად და სრულფასოვნად მივაღწიოთ 2030 წლისთვის დასახულ ყველა პრიორიტეტულ მიზანს,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა
შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, სტრატეგიის „სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის“ პრიორიტეტის პირველი შუალედური შეფასებისა და „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა საჭიროებების შესახებ კვლევის“ ძირითადი შედეგები გააცნო სხდომის მონაწილეებს.
გაიმართა დისკუსია მიღწევების, სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ტენდენციებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ.
სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მუდმივი და მოწვეული წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიის განხორციელებისა და შეფასების პროცესში.