Commentary
    2026-05-04 | 13:30

    ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული… დღევანდელი დღე ხვალინდელით იცვლება, სადაც შეიძლება, აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს - გია ვოლსკი

    ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული… დღევანდელი დღე ხვალინდელით იცვლება, სადაც შეიძლება, აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს - გია ვოლსკი

    მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, რასაკვირველია, განაპირობებს იმ ძალიან რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ უნდა ჩამოართვან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრემიერ -მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

    „ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული. უკრაინის მთავრობის ხელისუფლების, პირადად ზელენსკის აბსოლუტურად არაობიექტური, არაკორექტული შეფასებისა და დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება, მათ შორის პოლიტიკური დახმარება.

    სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ არსებობს რეზოლუცია და საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერად არ გამოსულა. დღემდე, ქართულ სკოლებში, უკრაინულ განყოფილებებში რამდენი ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს. დაითვალეთ, რამდენი ასეული უკრაინელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და  დასკვნები ამის მიხედვით გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს საკითხი რომ შევახსენოთ ზელენსკის, არ იქნება ურიგო.

    ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა, მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა და ესეც უნდა გაითვალისწინოს. მუდმივი მცდელობა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, განაპირობებს იმ რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება – დღევანდელი დღე ხვალინდელით იცვლება, სადაც შეიძლება, აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედია, უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.