„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს ტრენინგები ჩაუტარდათ
აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული სწვალება დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის მართვის, სერვირების და მომსახურების სტანდარტების, HACCP-ის სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართულებით გაიარეს. ისინი ასევე დაესწრნენ კულინარიულ მასტერკლასებს, შეისწავლეს დღის მენიუს შედგენა და სწორად კალკულაცია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმრო „ამბასადორის“ მენეჯმენტის ჩართულობით განხორციელდა.
ამ ეტაპზე, „კარგი მასპინძლის“ სტატუსს აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფლობს. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. პროექტი აჭარაში 2024 წელს დაიწყო და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. ,,კარგი მასპინძლის” სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს აღნიშნულ ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ.
პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.