ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია. მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მას ესმის, რა მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და მშვიდობას უსურვებს.
„ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები, პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაცვის, მოპასუხის რეჟიმში ვიყავით და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია ჩვენს მეგობრად. ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო განცხადებები და, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით. ისიც კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, რა პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მინდა, უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.