social media
    2026-05-28 | 13:54

    განათლების მინისტრადწოდებულმა გივი მიქანაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალზე წარმოუდგენელი ცინიზმით ისაუბრა - ქეთევან ბაკარაძე

    განათლების მინისტრადწოდებულმა გივი მიქანაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალზე წარმოუდგენელი ცინიზმით ისაუბრა - ქეთევან ბაკარაძე

    პარლამენტარი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს:

    „განათლების მინისტრადწოდებულმა გივი მიქანაძემ (წინა ხელისუფლების დროს ადეიშვილის მოადგილემ და ციხის ბუნტის დროს ცნობილმა აქტორმა) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალზე წარმოუდგენელი ცინიზმით ისაუბრა და აქამდე არარსებული აგრარული ფაკულტეტის მნიშვნელობაზე ისეთი აქცენტები გააკეთა, რომ აკადემიურმა პერსონალმა ეს სიახლე უნდა მიიღოს როგორც წყალობა, კრეატიული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტს ახალ საფეხურზე აიყვანს!

    როგორ ვერ მოიფიქრა აქამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომ ტრადიციული ფაკულტეტები კი არა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დარგი, მიწათმოქმედება ყოფილა დევნილი უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანა, და არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციის საკითხების სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების რანგში აყვანა, საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მომზადება და ახალი თაობის ამ მრწამსით აღზრდა!

    საოკუპაციო რეჟიმი ხარობს!

    ასეთ საჩუქარს ვერავინ უბოძებდა!

    მე მაინტერესებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივის დიდი ნაწილის დუმილი ამ კატასტროფაზე თანხმობას ნიშნავს?

    გაპროტესტების შიშს?

    გაფორმებულ კონფორმიზმს?

    თუ ისედაც ბევრი ომი გამოვიარეთ და ამ ეტაპზე მაინც არაფერი გამოგვივა- ანუ შემგუებლობას?

    დრო ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს.

    ინდივიდუალურად ყველა პოზიციას მიეცემა შეფასება, როგორც პროტესტის, ისე ხელშეწყობის აქტის თითოეულ ავტორს, უმოქმედობას, სეირის მაყურებელს, ნიჰილისტს და გულანთებულ პირს.

    დრო, რომელიც უკვე ქმნის ისტორიას!“