საბა სხვიტარიძის საქმე საქართველოში საპოლიციო წამების შესაძლო ფაქტების მიმართ ინსტიტუციური და ნორმატიული პრევენციის მექანიზმების მოშლის კიდევ ერთი მაგალითია - საია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, ორგანიზაციის შეფასებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეში გამოვლენილი გარემოებები წამების კვალიფიკაციას შეესაბამება, ხოლო მიმდინარე გამოძიება წამების საქმეებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
ონიანის თქმით, 2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე მამასთან ერთად თბილისიდან გურიის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ზესტაფონთან ახლოს მათი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. მისი განცხადებით, სამართალდამცველებმა სხვიტარიძე განმარტების გარეშე დააკავეს, არ ჩართეს სამხრე კამერები და დაკავების საფუძველი არ განუმარტავთ.
საიას თავმჯდომარის განმარტებით, ამის შემდეგ განვითარდა რვა ეპიზოდი, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, წამების ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საბა სხვიტარიძე თბილისიდან გორამდე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მათ შორის, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით.
ონიანის განცხადებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე სართულზეც, სადაც, მისი თქმით, სამართალდამცველები სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, მესამე ეპიზოდში ტაქტიკურ ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა საბა სხვიტარიძეზე ფიზიკურად იძალადეს – ურტყამდნენ ხელებითა და ფეხებით, აზიანებდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის თავს, მკერდსა და მუცელს, ასევე ცდილობდნენ ხელის მოტეხვას. ონიანის განცხადებით, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და გონების დაკარგვის ეპიზოდიც ჰქონდა.
საიას თავმჯდომარის თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარები შემდგომ ეპიზოდებშიც გაგრძელდა, ხოლო მოგვიანებით საბა სხვიტარიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ოთახში შეიყვანეს. ონიანის შეფასებით, გამომძიებელმა დაზარალებულის მდგომარეობა უგულებელყო და დაკითხვა არა მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, არამედ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმართა.
მისივე განცხადებით, საბა სხვიტარიძე ამტკიცებს, რომ სასურველი ჩვენების მიუღებლობის შემდეგ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მერვე სართულზე ხუთმა პირმა მასზე ფიზიკური ძალადობა კვლავ განახორციელა, მოგვიანებით კი, მიუხედავად მიღებული დაზიანებებისა და ტვინის შერყევის, მის მიმართ ზეწოლა გაგრძელდა.
თამარ ონიანის განცხადებით, საქმის მასალები აჩვენებს, რომ გამოძიება არ უზრუნველყოფს მტკიცებულებების დროულ და სრულყოფილ შეგროვებას, ასევე არ იკვეთება ეფექტიანი ნაბიჯები სავარაუდო მონაწილე სამართალდამცველების იდენტიფიცირების, დაკითხვისა და მათი პროცესუალური სტატუსის განსაზღვრის მიმართულებით.
მისი შეფასებით, გამომძიებლის მხრიდან დაზარალებულის დაზიანებებისა და მონათხრობის უგულებელყოფა ფორმალური გამოძიების შთაბეჭდილებას ქმნის, რაც დაუსჯელობის შესახებ კითხვებს აჩენს და ამცირებს როგორც დაზარალებულის, ისე საზოგადოების ნდობას სისტემის მიმართ.
ონიანის განცხადებით, საბა სხვიტარიძის საქმე საქართველოში საპოლიციო წამების შესაძლო ფაქტების მიმართ ინსტიტუციური და ნორმატიული პრევენციის მექანიზმების მოშლის კიდევ ერთი მაგალითია.