Commentary
    2026-06-29 | 10:42

    საქმე დედის გინებაზე როდესაც გადავა და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - თენგიზ შარმანაშვილი

    საქმე დედის გინებაზე როდესაც გადავა და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - თენგიზ შარმანაშვილი

    უწყვეტი კადრები არსებობს, ჩხუბი გიგა ფარულავამ დაიწყო. პირველად ძალა გამოიყენა ფარულავამ, ხელაძეს ხელი მოუქნია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.

    “ფაქტია, ამ პროვოკაციის დამწყები ფარულავა იყო, რომელმაც ხელაძეს ხელი გაარტყა. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. დანარჩენი, როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ. ბოდიში პირდაპირ თქმისთვის, მაგრამ საქმე დედის გინებაზე როდესაც გადავა და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია. ქართველები ვართ, ხომ არ გადავჯიშდით, არა? – საქმე ისაა, რომ პირველად ძალა გამოიყენა ფარულავამ. ახლა ეს უნდა მოეთმინა ვინმეს? ხელი რომ მოხვდა, დედის გინებაც უნდა მოეთმინა და ყველაფერი? – ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა. ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, როდესაც ჩხუბი ატყდება და უკვე ვინმე ძალას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი ვითარება კონტროლიდან გამოვიდა. საზოგადოდ, ეს რომ მოსაწონი არ არის, თვითონ გორდულაძემაც ტელევიზიით განაცხადა და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას. ფარულავას კი არ მოუხადა, არამედ საზოგადოებას, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა თვითონაც და ამაში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს არაფრით შეიძლება, მოსაწონი იყოს. მეორე მხრივ, ცალმხრივად გააშუქო და თქვა, რომ ნორმალური მოვლენაა, რომ ადამიანი როცა ხელს გაგარტყამს, თან დედას შეგაგინებს, ვალდებული ხარ, ჩუმად იყო და არაფერი გააკეთო, ესეც არსებული სიტუაციის უცნაური შეფასება იქნებოდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.