Society
    2026-07-01 | 14:35

    ტკიპის ნაკბენი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს ავრცელებს

    ტკიპის ნაკბენი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს ავრცელებს

    თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების წესები, მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას.

    ბუნებაში ყოფნის შემდეგ კი აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს, რადგან ხელს უწყობს სხეულზე ტკიპას დროულ აღმოჩენას.

    „სხეულზე ტკიპას აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპას პირი ეკვრის ადამიანის კანს, ხოლო მისი მოშორების შემდეგ - აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

    სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების, მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.

    Related Articles
    Daily Calendar - June 30
    2026-06-30 | 06:40
    Daily Calendar - June 30