ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე რუსეთმა კვლავ მოითხოვა საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება
30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჟენევაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ამიერკავკასიაში მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიების (ჟენევის დისკუსიები) 67-ე რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, ხოლო დისკუსიებს თანათავმჯდომარეობდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მონაწილეებმა დაადასტურეს ჟენევის დისკუსიების ფორმატის გაგრძელებისადმი ერთგულება. მოსკოვის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე.
განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც, მათი შეფასებით, უზრუნველყოფს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას. კერძოდ, საუბარია საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობა იზრდება ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, მათ შორის საქართველოში სამხედრო სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარების გამო.
მოსკოვის შეფასებით, ადგილზე უსაფრთხოების ვითარება შედარებით მშვიდი რჩება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მოქმედი მექანიზმების, მათ შორის ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზების“ ფუნქციონირების წყალობით. ამასთან, რუსული მხარე საჭიროდ მიიჩნევს გალში მოქმედი ანალოგიური მექანიზმის აღდგენას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი, რუსეთის შეფასებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე „სპეკულირებას“ განაგრძობს, რაც ხელს უშლის კონსტრუქციულ დიალოგს. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას და აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების ფორმატში უნდა განიხილებოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 68-ე რაუნდი მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. მანამდე კი ეროვნული დელეგაციები თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებს გამართავენ.