Commentary
    2026-07-11 | 07:53

    ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი – კახა კალაძე

    ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი – კახა კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

    როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა, რაზეც კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

    „შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები – როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატაარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.

    „წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავს მოხვეული, ამისთვის დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ, არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავსოდ გამოიყენონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავა. როგორც სუს-ში გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.