Justice
    2026-07-20 | 17:58

    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - პაატა მანჯგალაძე

    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - პაატა მანჯგალაძე

    მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე წერილს აქვეყნებს, სადაც ყოფილ კოლეგებს: ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს მიმართავს.

    მანჯგალაძე სთხოვს მათ, ვიდრე მის ბრალეულობაზე დაიწყებენ საუბარს, მოსამართლე ხუსკივაძის ის განაჩენი წაიკითხონ,  სადაც მისი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის მისი განცხადებები მიიჩნია.

    “მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ალბათ იცით, რომ მთელი რვა თვე აკრძალული მქონდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ბატონ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს - ნუ, სხვებსაც, მაგრამ ამათ პერსონალურად.
    ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, დამაბრალებთ იმას, რაც არ ჩამიდენია და მერე რუანდის კონვენციური დანაშაულის ე.წ. ქეისით გაამართლებთ ჩემს დაკავებას, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის ის განაჩენი წაგეკითხათ, სადაც ჩემი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის ჩემი განცხადებები მიიჩნია? მოსამართლემ განაჩენში, როგორც მთავარი მტკიცებულება, რამდენჯერმე მოახდინა ამ განცხადების ციტირება 27 და 57-ე გვერდებზე და ე.წ. ბობლდით (მსხვილი შრიფტით) გამოყო განცხადების ის ნაწილი, სადაც ვსაუბრობ:
    „საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!" (ციტატის დასასრული).
    ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, შალვა, მე მგონი, შინაარსიდანაც ნათელია, თუ რა ეჭვმიუტანელ მტკიცებულებაზეა საუბარი, რა სამართლებრივი ან ლოგიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი ბრალეულობის მტკიცებასთან და საერთოდ, ვისი ბრალეულობის მტკიცებულებაა ეს, როცა ამ სტანდარტით 7 წლით უპირებ ადამიანს თავისუფლება წაართვა?
    პირად საკითხებზე არასდროს შემიწუხებიხართ და იქნებ ახლა საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?
    უდიდესი პატივისცემით მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებთანაც, როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა: იქნებ ეს ჩემი განცხადება გაავრცელოთ და ამის შესახებ პირადად ჰკითხოთ აღნიშნულ პირებს,” - წერს პაატა მანჯგალაძე წერილში.