მამუკა მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი - ირაკლი კუპრაძე
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული მეოთხე სისხლის სამართლის საქმე სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური პროცესია.
მისი თქმით, საქმე ადასტურებს, რომ ხელისუფლება ელისაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას აგრძელებს. კუპრაძის შეფასებით, „მურუსიძის სასამართლომ“ ვერც ერთხელ ვერ შეძლო საქმისთვის ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება.
„ჩვენ ვხედავთ ძალიან მარტივ მოცემულობას, სადაც, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, მეოთხე ბრალი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მამუკა მდინარაძემ, ამ პატარა ადამიანმა, რომელიც ახალ სამინისტროებს და ახალ საქმეებს ეძებს, ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი. ვერ შეძლო მურუსიძის სასამართლომ ვერასდროს, რომ ადეკვატური კვალიფიკაცია მიეცა. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამაზე მიუთითებს მათ შორის, შალვა პაპუაშვილის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან ალეკო ელისაშვილის შესაძლო ქმედებისთვის კვალიფიკაცია არ მიუცია საგამოძიებო უწყებებს ან პროკურატურას, ან სასამართლოს, კვალიფიკაცია მისცა შალვა პაპუაშვილმა საკუთარი „ფეისბუქ” სტატუსით, მაშინ, როცა ალეკო ელისაშვილს ტერორიზმი დააბრალა. ამ ვითარებაში, მეოთხე ბრალი ეხება იმას, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სასამართლოს. მარტივად ვსვამ შეკითხვას, ვინ მიაყენა ქართულ სასმართლოს შეურაცხყოფა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლოს სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ, ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ლევან მურუსიძეს ჩააბარა? ადამიანს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო, ადამიანმა, რომელმაც მიიღო ასობით და ათასობით უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან ის იყო პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის კრახზე, ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე, ათასობით ბიზნესის ჩამორთმევაზე და ა.შ. ასეთ ადამიანს ჩააბარა ივანიშვილმა ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა და თქვა, რომ ის იქნება საყრდენი სამართლიანობის. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ანტიქართული „ოცნების“ პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პრიობებში, ვერც ერთი ეს პროცესი ვერ იქნება სამართალთან დაკავშირებული, ეს არის პოლიტიკური პროცესები და თითოეულ ამ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს, როგორც ცრუ მოწმე, როგორც ცრუ დამსმენი პოლიციელი, როგორც გამყალბებელი ექსპერტი, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება მომავალში დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული საგამოძიებო უწყებების და მურუსიძისგან თავისუფალი სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.