social media
    2026-08-04 | 12:28

    არისტოტელეს პერეფრაზის ასე გაჟღერება მომიწევს: ირაკლი კობახიძე პრემიერია, მაგრამ ჭეშმარიტება პრემიერზე დიდია - გოჩა მირცხულავა

    არისტოტელეს პერეფრაზის ასე გაჟღერება მომიწევს: ირაკლი კობახიძე პრემიერია, მაგრამ ჭეშმარიტება პრემიერზე დიდია - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

     „ნუ რა ვქნა, იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი მეგობარი არ არის და არც ვიცნობ, არისტოტელეს პერეფრაზის ასე გაჟღერება მომიწევს: ირაკლი კობახიძე პრემიერია, მაგრამ ჭეშმარიტება პრემიერზე დიდია...

    დღეს გავრცელებული ტექსტი ვინც დაწერა, ავტორს პრემიერ-მინისტრისთვის ნამდვილად არ გაუწევია კარგი სამსახური. თუმცა, რადგან განცხადება თავად კობახიძის სახელით ვრცელდება, ცხადია, იგი ეთანხმება მის თითოეულ სიტყვას, ფორმულირებასა და დასკვნას.

    ამიტომ მოდით, რამდენიმე რამ დავაზუსტოთ. მით უფრო, რომ ეს ტექსტი მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია არ არის. ის კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს ქართულ საზოგადოებაში და ამავე დროს წარმოადგენს პროპაგანდისტული მანიპულაციის თითქმის სახელმძღვანელო მაგალითს - რამდენიმე ნამდვილი ფაქტის ამორჩევით, მნიშვნელოვანი გარემოებების გამოტოვებითა და საბოლოოდ სრულიად ხელოვნური დასკვნის შეთავაზებით.

    პირველი და მთავარი: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა არა იმიტომ, რომ ვინმე/ვიღაც საქართველოში „ცუდად მოიქცა“, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ მისი ნებით. შეიძლება იკამათო მაშინდელი ხელისუფლების შეცდომებზე, გადაწყვეტილებებზე, სამხედრო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მაგრამ ოკუპანტის პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადატანა უკვე მსჯელობა აღარ არის. ეს არის მანიპულაცია. მით უფრო უცნაურია, როცა ხელისუფლების პირველი პირი რუსეთს თითქმის ბუნებრივ კატასტროფად აღწერს - თითქოს მოხდა რაღაც, რაზეც პასუხისმგებელი თავად რუსეთი კი არა, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იყო.

    მეორე: კობახიძე ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია. აქ უკვე ისტორიის საკმაოდ მოხერხებულად დაჭრილ ვერსიასთან გვაქვს საქმე. კი, რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული კავშირები დარჩა. კი, რუსი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ. კი, რუსული კაპიტალიც არსებობდა. მაგრამ იგი არ ახსენებს, რომ ამავე პერიოდში საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს, იღებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საერთაშორისო დონეზე ებრძვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას და რუსეთს საერთაშორისო სასამართლოებში უპირისპირდება. ამ ყველაფრის გამოტოვება და მხოლოდ ტურისტების, ვიზებისა და ფულის გახსენება ფაქტების განხილვა კი არა, ფაქტების შერჩევითი მოხმარებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამბობს იმას რაც აწყობს და არ ამბობს იმას, რაც მის „ლოგიკას“ ხელს უშლის. ამას ანალიზი არ ჰქვია. ამას პროპაგანდა ჰქვია.

    მესამე: რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგობა კობახიძემ „რუსოფობიად“ მონათლა. ეს უკვე კრემლის პოლიტიკური ლექსიკონის პირდაპირი გადმოტანაა. რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს რუსი ხალხის სიძულვილს. ოკუპაციის წინააღმდეგობა არ ნიშნავს ეთნიკურ მტრობას. რუსული იმპერიალიზმის მიუღებლობა არ ნიშნავს რუსი კულტურის, ენის ან ადამიანების სიძულვილს. ცხადია ამ განსხვავებების მიზანმიმართუილად წაშლა ხელსაყრელია, რადგან ასე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება სიძულვილად გამოცხადდეს, ხოლო კრიტიკოსი - „რადიკალად“, „აგენტად“ ან „უსამშობლოდ“.

    მეოთხე: ტექსტის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ ანტირუსული განწყობა თითქოს გარედან მიღებული დავალების შედეგად გაჩნდა. აქ უკვე ბატონი კობახიძე მტკიცებულების ნაცვლად შეთქმულების თეორიას გვთავაზოს. ვინ გასცა ეს დავალება? ვის მისცა? როდის? რა დოკუმენტით? რა არხით? რა კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად? პასუხი, ცხადია, არ არსებობს. მაგრამ პროპგანდისთვის ეს არც არის საჭირო. რატომ? ჯერ ადამიანებს „აგენტებად“ აცხადებენ, შემდეგ კი მათი ნებისმიერი მოქმედება ამ აგენტობის მტკიცებულებად გამოიყენება. აგენტები არიან, რადგან დავალებას ასრულებენ. ვიცით, რომ დავალებას ასრულებენ, რადგან აგენტები არიან (!). წრეც შეიკრა. ლოგიკა? ლოგიკა ამ შემხვევაში კუბოში განისვენებს - მშვიდად.

    მეხუთე: 2022 წლის შემდეგ რუსეთისადმი დამოკიდებულების გამკაცრება სრულიად გასაგები და ლოგიკური იყო. უკრაინაში სრულმასშტაბიანმა ომმა საბოლოოდ აჩვენა, რომ 2008 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. ეს იყო რუსეთის უფრო ფართო იმპერიული პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში რუსული აგრესია ნახა, ბუნებრივად შეიძლება უფრო მძაფრად რეაგირებდეს უკრაინაში იმავე სცენარის ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამეორებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა მისთვის საქართველოზე ძვირფასია. ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარი გამოცდილებიდან რაღაც მაინც გაიგო და შეიგნო.

    და ბოლოს: ტექსტში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული, ოკუპაცია და ანექსიური პოლიტიკა ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის. მთავარ პრობლემად კი წარმოდგენილია არა რუსეთი, არამედ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

    და მივედით ჭეშმმარიტებამდე, რადგან აი, ეს არის ტექსტის მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ოკუპანტი უნდა გაქრეს კადრიდან. მის ადგილას კი შიდა მტერი უნდა გაჩნდეს - ოპოზიციონერი, ჟურნალისტი, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ. მოკლედ - ადამიანი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, ადამიანი, რომელიც რუსულ გავლენას საფრთხედ მიიჩნევს. და რაც მთავარია ბოლოს ყველა მათგანი ერთ სიტყვაში უნდა მოთავსდეს: „აგენტურა“.

    გავმეორდები ირაკლი კობახიძე ჩემი მეგობარი არ არის და არც ვიცნობ, ამიტომაც არისტოტელეს პერეფრაზის ასე გაჟღერება მომიწევს: ირაკლი კობახიძე პრემიერია, მაგრამ ჭეშმარიტება პრემიერზე დიდია... რადგანაც ჭეშნარიტება ეს უკვე ისტორიის შეფასება აღარ არის. ეს არის საზოგადოებაში მტრის ხატის წარმოება.

    და როდესაც ქვეყნის პირველი პირი საკუთარ მოქალაქეებს „უსამშობლოებსა“ და „აგენტურას“ უწოდებს, იგი საზოგადოებას კი არ აერთიანებს, შეგნებულად ყოფს. ამიტომ ეს ტექსტი ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ძლიერების კი არა, ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სისუსტის დემონსტრაციაა. რადგან ძლიერი ხელისუფლება ოპონენტებს არგუმენტებით პასუხობს. სუსტი ხელისუფლება კი მათ სამშობლოს ართმევს, მოქალაქეობრივ ღირსებას უუქმებს და „აგენტებად“ აცხადებს. ამ ყველაფრის შემდეგ „ოცნებაში“ „უკვირთ“ რატომ იზრდება საზოგადოებაში უფსკრული“.