„არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა“ - 4 აპრილს თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა
4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა. კერძოდ, 4 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველები აქციას გამართავენ, ლოზუნგით: „არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა“.
იმავე დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლოზუნგით- „არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს“.
ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული, აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილას აღარ აბრუნებს.
ცხოველთა დამცველები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. სააგენტო უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.