საქართველო არ არის მოედანი, სადაც ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა არკვიონ - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან ურთიერთობები გაარკვიონ.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა. რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი. შეგიძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხოთ, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ არის ამის სურვილი თუ ამოცანაც, გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება — საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, რეგიონში მიმდინარე კრიზისებისა და ომების ფონზე, ქვეყანამ ყველა პროცესი მშვიდობიანად გაიაროს.
„ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა თუ სხვა კრიზისები და ომები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ყველა ეს პროცესი. შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, საუბრებით ხედავთ, რომ ამას ვაღწევთ და დღეს ვართ წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც, მისი თქმით, კონსტრუქციული საუბარი შედგა.
მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა:
„როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს — ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ“.