პოლიტიკა
    2026-04-04 | 09:05

    ეკლესიაში განხეთქილების შეტანა უნდათ - გურამ მაჭარაშვილი

    ეკლესიაში განხეთქილების შეტანა უნდათ - გურამ მაჭარაშვილი

    პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეკლესიასა და საპატრიარქოს აკრიტიკებდნენ, სინოდის საქმიანობის მიმართ ინტერესს მხოლოდ შიდა დაპირისპირების გამოწვევა ამოძრავებთ.

    მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და „უცხოურ ძალებს“ წარსულში არც საპატრიარქო და არც ეკლესია არ აინტერესებდათ, პირიქით, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკრიტიკებდნენ.

    „სწრაფად ხდება ინტერესის სფერო, თუ რა მოხდება სინოდის სხდომაზე. საერთოდაც, როდის აქეთ დაინტერესდნენ, ან სინოდში რა ხდება, ან მართვა-გამგეობის დებულებაში რა წერია, ან სამომავლოდ ეკლესიაში რა მოხდება? რატომ დაინტერესდნენ, როცა თავიდან ბოლომდე ამბობენ, რომ იქ არის სიბნელე და ასე შემდეგ? ზუსტად ამიტომ დაინტერესდნენ, რომ უნდათ, როგორმე ეკლესიაში განხეთქილება შეიტანონ. ამას სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

    მისივე შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ეკლესიის მომავალზე „ზრუნვის“ სურვილით გამოდიან, წარსულში სასულიერო პირებსა და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

    „ეს ხალხი, ვინც გამოდის და ვითომ ზრუნავს სამომავლო საეკლესიო ურთიერთობაზე, ეკლესიას ლანძღავდა და ამბობდა, რომ პატრიარქით დაწყებული, სასულიერო პირებით დამთავრებული, მათგან არაფერი ცივილიზაციური არ მოდიოდა. ახლა რომ ინტერესდები, იქ რა ხდება, ეს ნიშნავს, რომ შენ გინდა, იქ გარკვეული განხეთქილება შეიტანო,“ – აღნიშნა მან.

    გურამ მაჭარაშვილის თქმით, სინოდის წევრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და მშვიდ გარემოში მიიღონ.

    „დააცადონ სინოდს, დააცადონ იმ ადამიანებს, ვინც მოღვაწეობენ საპატრიარქოში. ჩატარდება წყნარად, მშვიდად სინოდი და ვისაც აირჩევს სინოდი, ის იქნება პატრიარქი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

    მისი თქმით, მის ინტერესს წარმოადგენს, რომ ეკლესიაში გაგრძელდეს ის კურსი, რომელიც პატრიარქს ჰქონდა.

    „ჩემი ინტერესი არის, რომ სინოდში, როგორც მთლიანად ეკლესიაში, გაგრძელდეს ის მიმართულება, რაც ჰქონდა პატრიარქს. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მრევლის ინტერესი და ის ინტერესი, რაც პატრიარქს ჰქონდა – ესეც სიცოცხლეშივე გააჟღერა. გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის. დაახლოებით რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, თუ ვინ უნდოდა, რომ მოსაყდრე ყოფილიყო და, შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში აგრძელებდა პოზიციონირებას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

    მსგავსი სტატიები