პოლიტიკა
    2026-04-11 | 12:41

    ირანის რეჟიმი საქართველოს სანქციების ასარიდებლად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს —  Fox News

    ირანის რეჟიმი საქართველოს სანქციების ასარიდებლად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს —  Fox News

    ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციების ასარიდებლად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს, — ამის შესახებ სტატიას Fox News-ი აქვეყნებს.

    „ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის დაახლოება თეირანის რეჟიმთან შესაძლოა პრობლემური იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.

    მაშინ, როცა ირანი სულ უფრო იზოლირებულია სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის, ბოლო ცნობებით, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან კავშირებს აძლიერებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ბოლო დრომდე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველად განიხილებოდა, თანდათან მიუახლოვდა ირანს.

    საქართველოს ყოფილი პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც მოიცავს აშშ-ის მიერ სანქცირებულ სუბიექტებს, ექსტრემიზმთან კავშირების გამო, და ვაშინგტონში განიხილება, როგორც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) საფარქვეშ მოქმედი სტრუქტურები.

    კანდელაკის თქმით, თბილისის ირანისკენ გადახრა უარყოფითია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში. მისი შეფასებით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პროამერიკულია და დასავლურ ღირებულებებს უჭერს მხარს, რის ფონზეც ეს ტენდენცია ცუდ პრეცედენტს ქმნის და მისი შეცვლა ორივე მხარის ინტერესშია.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური რჩება, ანგარიშში აღწერილია ორ ქვეყანას შორის მზარდი ურთიერთობები და ის, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელად — ქვეყნის რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში შეღწევით საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად.

    2007 წელს ირანმა საქართველოში გახსნა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალი ფილიალი, რომელიც, ორგანიზაცია გაერთიანებული ბირთვული იარაღის წინააღმდეგ-ის ცნობით, წარმოადგენს აიათოლა რუჰოლა ხომეინის იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს საზღვარგარეთ.

    აშშ-ის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, 2020 წელს IRGC-ის ქუდსის ძალები იყენებდა აღნიშნულ უნივერსიტეტს საერთაშორისო რეკრუტირების ქსელად და ირანის იდეოლოგიური და უსაფრთხოების ინტერესების გასატარებლად. უწყების თქმით, უნივერსიტეტი ასევე უწყობდა ხელს უცხოელი სტუდენტების გაცვლას, რათა შექმნილიყო სადაზვერვო წყაროები.

    ორგანიზაცია დემოკრატიების დაცვის ფონდის ანგარიშით, უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს და მან ათიათასობით წარმომადგენელი მოამზადა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ირანის რევოლუციურ იდეოლოგიას ავრცელებენ.

    ანგარიშის მიხედვით, ირანი იყენებს საქართველოში კეთილგანწყობილ პირებს საერთაშორისო დანაშაულების ჩასადენადაც. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის, 2022 წელს საქართველოს მოქალაქე აგილ ასლანოვი, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან იყო დაკავშირებული, სავარაუდოდ „ყუდსის ძალებმა“ აზერბაიჯანში ებრაელი ლიდერის მკვლელობისთვის დაიქირავა.

    მეორე შემთხვევაში, 2025 წელს საქართველოს მოქალაქე ფოლად უმიროვს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირანელი აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის  მკვლელობის მცდელობისთვის.

    2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აშშ-სთან პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების გასაძლიერებლად და 2009 წელს ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

    თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა პრორუსული პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც 2024 წელს პროევროპელმა პრეზიდენტმა სალომე ზირაბიშვილმა დაასრულა ვადა და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ ყაველაშვილმა.

    ამავე პერიოდში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორჯერ ეწვია ირანს — ჯერ  ავიაკატასტროფაში დაღუპული ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, შემდეგ კი პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე, სადაც მხარეებმა ურთიერთობების გაღრმავება დადებითად შეაფასეს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია Civic IDEA-ის ინფორმაციით, მრავალი ქართული კომპანია ირანიდან ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს იმპორტირებს, რაც რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსია. 2024 წელს ირანის ნავთობის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 43 მილიარდი დოლარი შეადგინა — ქვეყნის ექსპორტის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 57%.

    Civic IDEA-ს მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ ირანული ნავთობი შემოიტანა, მათ შორის რვა კომპანია დაკავშირებულია მმართველი პარტიის დონორებთან.

    უსაფრთხოების ანალიტიკოსის, ნიკოლოზ ჩხაიძის თქმით, საქართველო ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად იქცა, საიდანაც ფინანსური ნაკადები ირანის სამხედრო პროგრამებისა და IRGC-ის დასაფინანსებლად მიედინება. მისი თქმით, კომპანიები ანგარიშსწორებას ნაღდი ფულით ახორციელებენ, რაც საერთაშორისო საბანკო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.

    საქართველოს ხელისუფლებას კომენტარისთვის მიმართვაზე პასუხი არ გაუცია. ასევე, გაეროში ირანის წარმომადგენლობამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა“, - წერს გამოცემა.

    მსგავსი სტატიები