რეგიონები
    2026-04-16 | 08:54

    ახლად გაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია პირველ მაისამდე უნდა გაიარონ

    ახლად გაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია პირველ მაისამდე უნდა გაიარონ

    „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები იცვლება.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის პირველ მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

    „კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პირველი მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

    აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

    ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას. ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასა და პროცედურებს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.