ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ, ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ - ზურა ჯაფარიძე
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, პროკურატურა საქმის სწრაფად დასრულებას გეგმავს და პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია როგორც საკუთარი კომუნიკაციით, ისე ადვოკატებისგან აქვს.
„პირადი კომუნიკაცია რაც გვაქვს პროკურატურასთან, აპირებენ, რომ საქმე ძალიან სწრაფად დაასრულონ. შეიძლება ამ თვის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ან აგვისტოს შუაში. სავარაუდო თარიღები არის ეს. ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს არ გადასცდება, რამდენადაც ამაზე მე მაქვს წარმოდგენა და ასევე, ჩემი ადვოკატები მეუბნებიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები ან პატიმრობაში აღმოჩნდნენ, ან ქვეყანა დატოვონ.
„ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ამ წუთში აქვთ“, – აღნიშნა მან.
ჯაფარიძის განცხადებით, მათი დაკავება დასავლეთისთვის გაგზავნილ სიგნალსაც წარმოადგენს და, ამასთან, პოლიტიკური ველის „გასუფთავებას“ ემსახურება.
მისი თქმით, ბრალდებები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს, თუმცა, როგორც აღნიშნა, კონკრეტული პირის სანქცირება შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა ოპოზიციის.
“მოკლედ, ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა. ივანიშვილის დასანქცირება ითვლება, რომ თურმე ყოფილა ქვეყნის დასუსტება, შესაბამისად, ყველამ, ვინც სანქციებზე მუშაობდა, დაასუსტა ქვეყანა იმიტომ, რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთმა, ოღონდ დასანქცირება ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება მილიონჯერ რაღაც ვთქვათ, რომ ვიღაც დასასანქცირებელია, მაგრამ დასანქცირება არის კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.