ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა - ნინო წილოსანი
ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დავბრუნდებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„შემდგომი ფაზა აშკარად წყევლა იქნება. ფაქტია, ჰერჩინსკი აჟღერებს იმ ევრობიუროკრატების პოზიციებს და მუქარებს, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში საკმაოდ მკაცრად გვიპირისპირდებოდნენ, ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვას უპირისპირდებოდნენ. უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ქართველ ხალხს ჰქონოდა არჩევანის საშუალება, რომ ოჯახი და სხვა ულტრალიბერალური მიმდინარეობები მისთვის უფრო ღირებული ყოფილიყო, უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ამ ქვეყანას სცოდნოდა გამჭვირვალედ, ვინ რას გეგმავს და რას აპირებს.
ელჩი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თავის მისიას ყველაზე უხერხულად ასრულებს და ყველაზე არამეგობრული განცხადებებით გამოდის”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.