მსოფლიო
    2026-07-12 | 08:47

    უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და აზოვის ზღვაში ტანკერებსა და ბორნებს დაარტყა - უკრაინის გენშტაბი

    უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და აზოვის ზღვაში ტანკერებსა და ბორნებს დაარტყა - უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 ივლისსა და 12 ივლისის ღამეს რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.

    გენშტაბის ინფორმაციით, 12 ივლისის ღამეს დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო დარტყმის შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება.

    უკრაინული მხარის ცნობით, ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,5 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, ასევე სხვა ნავთობპროდუქტებს, რომლებიც, გენშტაბის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვისაც გამოიყენება.

    ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში 10 რუსულ ტანკერსა და 4 ბორანს დაარტყეს. გენშტაბის განცხადებით, ტანკერები რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ხოლო ბორნები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას ემსახურება.

    გენშტაბის ინფორმაციით, 11 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტოკმაკის რაიონში ასევე დააზიანეს რუსეთის სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც საწვავ-საპოხი მასალები გადაჰქონდა.

    გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბმა დააზუსტა 10 ივლისს ლენინგრადის ოლქში მდებარე „ნოვატეკ-უსტ-ლუგის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებული დარტყმის შედეგები და განაცხადა, რომ დადასტურებულია ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარის დაზიანება.

    მანამდე OSINT-ანალიტიკურმა ჯგუფმა „კიბერბოროშნომ“ გაავრცელა ანალიზი, რომლის თანახმადაც, 10 ივლისის ღამეს განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, პორტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

    მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეტევების შემდეგ რუსეთმა დროებით შეაჩერა დონ-აზოვის არხით გემების მოძრაობა, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს.

    ამასთან, 11 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში მცურავ საშუალებებზეც მიიტანეს იერიში. გავრცელებული ცნობებით, დარტყმები 21 რუსულ ტანკერს მოხვდა.