პოლიტიკა
    2026-04-23 | 10:58

    არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, ნაცვლად იმისა, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე, მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს -  პაატა ბურჭულაძე

    არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, ნაცვლად იმისა, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე, მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს -  პაატა ბურჭულაძე

    არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო. ნაცვლად იმისა, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე, მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს, დუმან და საშუალებას აძლევენ „ქართულ ოცნებას“, ეროვნული კრებიდან მთელი ყურადღება მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე იქნას გადატანილი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

    „მე როგორც მესმის, სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ადამიანი მიხვდეს რა დააშავა, რისთვის ისჯება. დღესაც ვერ ვხდები, რა უნდა ამ ორ დიდ, პატიოსან, სიმართლისმოყვარე პროკურორს ჩემგან, სხვათა შორის, ის ქალბატონი [პროკურორი] რომ არ არის, ეშხი დაკარგა ბრალდების მხარემ.

    მე მოვიწვიე ეროვნული კრება, შეკრებაზე მოსვლა ვთხოვე ქართველ ხალხს, რომელსაც საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად სჭირდებათ გადაუდებელი ცვლილებები. ამიტომაც, ერთად, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა ვმონაწილეობდით სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

    ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ. ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი.

    არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო.

    იმის ნაცვლად, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს, დუმან და საშუალებას აძლევენ „ქართულ ოცნებას“, ეროვნული კრებიდან მთელი ყურადღება გადატანილ იქნას მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა, უსუსურობა ეროვნულ კრებას დააბრალა.

    ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ, ხმამაღლა გამოაცხადა, გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან. 4 ოქტომბერი რომ წარმატებული იყო, ამის დასტურია ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ტროტუარზე დგომაც კი აკრძალა.

    ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და სასამართლოსგან ველოდები განმარტებას, რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე.

    4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი, მე და „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ რომ არა, ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო ეროვნული კრების ჩატარება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

    ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

    ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

    პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მსგავსი სტატიები