ტრაგედიაა, რომ შეიძლება უცხოელს, თუნდაც მეგობარს, უკეთ ესმოდეს რა სჭირდება ქვეყანას, ვიდრე ხელისუფლებასთან მყოფ ძალას, ამიტომაც არის "ოცნება" პოლიტიკური ანომალია - ლევან ცუცქირიძე
პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარების შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა:
"რამდენიმე კვირის წინ, ირანის ელჩი პირდაპირ დაემუქრა მშვიდობას საქართველოში. რა გააკეთა ოცნებამ? ვერაფერი, მისი საგარეოში დაბარებაც ვერ გაბედა. მეტიც, ელჩი თვითონ მივიდა, სავარაუდოდ დემარშისთვის.
გუშინ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა კონფერენციაზე და თქვა: საქართველო ევროპისკენ უნდა წავიყვანოთ, ეს ხალხი უკეთესს იმსახურებს და არ უნდა დავუშვათ, რომ ბნელ წარსულსა და არეულობას დაუბრუნდესო.
ახლა ამაზე გამოდიან კალაძე და კობახიძე ამის გამო ითხოვენ მის საგარეოში დაბარებას. ესა მათი სახე — სადაც რეალური საფრთხე და მუქარაა, იქ ვერაფერს აკეთებენ, სადაც საქმის გაფუჭება შეუძლიათ, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვნის, როგორიც ევროპასთან ჩვენი ურთიერთობაა, იქ წინ გარბიან.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სინამდვილეში, ოცნება ვერც ერთ "მტერს" და პრობლემას ვერ გაუმკლავდა ამდენი წლის განმავლობაში: ვერც ოკუპაციას, ვერც სიღარიბეს, ვერც უმუშევრობას, ვერც შიმშილს და ვერც ვერაფერს. გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლასა და მეგობრებთან საქმის გაფუჭებაში მაგრები არიან, ვერ დაუკარგავ, მაგრამ რეალური საქმის კეთება არ შეუძლიათ და არც უნდათ — "არცა კირჩხიბი მართლად ვალს."
ტრაგედიაა, რომ შეიძლება უცხოელს, თუნდაც მეგობარს, უკეთ ესმოდეს რა სჭირდება ქვეყანას, ვიდრე ხელისუფლებასთან მყოფ ძალას. ამიტომაც არის "ოცნება" პოლიტიკური ანომალია. ეს პარტია არ არის ჩვენი ბედისწერა, მას აუცილებლად ჩამოვიცილებთ და ჩვენი ხალხი მართლა მიიღებს ისეთ მომავალს, როგორსაც იმსახურებს: ღირსეულს, დაცულსა და ბედნიერს.
გვეყო წყვდიადი და ჭაობი, წინ უნდა ვიაროთ, საქმით და რწმენით, საქართველოს გულისთვის", — წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.