სამართალი
    2026-04-23 | 16:28

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 10-წლიან პატიმრობასთან ერთად, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთმევა სახლი და მიწა ესპანეთში, სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე.

    ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბურჭულაძემ საკუთარ ქონებასა და შემოსავლებზე ვრცლად ისაუბრა: "1 700 000 ლარი მარტო ბინების გაქირავებით მაქვს აღებული". [...] რა საჭირო იყო, მეფრიალებინა მილიონები. ჩემმა მეუღლემ გამახსენა, 1997 წელსმყავდა მერსედესი, თითით აჩვენებდნენ ქალაქში. პირველად ლენდ-კრუიზერიც მე მყავდა. შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი. მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი. [...] 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა... 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა".

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. ვლადიმერ ღუდუშაური ამ 4 პირიდან ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.

    მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მსგავსი სტატიები